თორნიკე შარაშენიძე: რუსეთი ომში მორალურად უკვე დამარცხებულია

“ვითარება მძიმეა, უკრაინა იბრძვის და ცხადად ჩანს, რომ ტერიტორიების დაკარგვას არ შეურიგდება”, – ამის შესახებ ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, რუსეთი მორალურად უკვე დამარცხებულია, მაგრამ რეალურ ომში ის უკან იოლად არ დაიხევს.

“ვითარება მძიმეა, უკრაინა იბრძვის და ცხადად ჩანს, რომ არ შეურიგდება ტერიტორიების დაკარგვას. ბოლო ხანს მათ აშკარად გული მოეცათ – ისინი იღებენ ძალიან მაღალი დონის შეიარაღებას და გარკვეული მიმართულებით წარმატებასაც აღწევენ. მეორე მხრივ, ამ ეტაპზე წარმოუდგენელია ისიც, რომ რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიები წაართვან. შესაბამისად, ჩემი აზრით, ომი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. უკრაინა იმედოვნებს, რომ დასავლეთის დახმარებითა და საკუთარი ბრძოლისუნარიანობით ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებს, რუსეთი კი ფიქრობს, რომ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებით გამოფიტავს უკრაინას. სავარაუდოდ, კრემლში მოელიან, რომ უკრაინელები დაიღლებიან და მოლაპარაკებაზე დათანხმდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ ეს არ მოხდება, მერე ვნახოთ… რუსეთი მორალურად უკვე დამარცხებულია, მაგრამ რეალურ ომში ის უკან იოლად არ დაიხევს.

ჩემი აზრით, ევროპა ვერც რუსულ ნავთობზე და ვერც გაზზე ასე უცებ ვერ იტყვის უარს. ამისთვის მომზადებას მუშაობა სჭირდება. ეს პროცესი რომ დაეწყოთ 5-6 წლით ადრე, დღეს ეს შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ახლა, რამდენიმე თვეში, ვფიქრობ, ვერ მოხერხდება. სანქციები რომ დაუწესო ქვეყანას, მასზე არ უნდა იყო კრიტიკულად დამოკიდებული. ასეთ შემთხვევაში შენც არანაკლებ იზარალებ. სწორედ ამას ამბობს უნგრეთის პრეზიდენტი. ფაქტია, ევროპის დიდი ნაწილი რუსულ ენერგორესურსებზეა დამოკიდებული. ხომ კარგად ვიცით ყველამ, რომ ომში მყოფი უკრაინის ტერიტორიის გავლით მიეწოდება გაზი ევროპას, გაზსადენს მუშაობა ერთი დღითაც არ შეუჩერებია. მოკლედ, რუსეთის ეკონომიკური იზოლირება ასე უცებ ვერ მოხერხდება. ამას დრო და სერიოზული მუშაობა სჭირდება, რაც ნამდვილად დაწყებულია, მაგრამ ეს შედეგს რამდენიმე თვეში ვერ მოიტანს. სანქციები კი არის ძალიან მტკივნეული, მაგრამ კრემლში ფიქრობენ, რომ სანამ შეზღუდვები დამანგრეველ შედეგს მოიტანს, მოახერხებენ ომის დასრულებას და მერე ნელ-ნელა დაიწყებენ ვაჭრობას ევროპის ნაწილთან შესარიგებლად. ამასთან, არის ჩინეთიც, რომელიც მისი დიდი პარტნიორია.

სიმართლე გითხრათ, რუსეთის, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს, განიარაღება ცოტა წარმოუდგენელი მგონია, მაგრამ სრულიად რეალურია მისი იმგვარად გამოფიტვა, რომ მართლაც აღარ შერჩეს უკრაინაში ომის შემდეგ აგრესიისთვის ძალა, მით უფრო, თუ ასე გაგრძელდება ვითარება ომში, სადაც რუსეთმა ფრონტის ხაზზე გარდატეხას ვერ მიაღწია. ორი თვის განმავლობაში, მხოლოდ ხერსონის შენარჩუნება და მარიუპოლის ნაწილობრივ აღება მოახერხა. როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, “აზოვსტალი” ისევ უკრაინელების ხელშია. სხვა პერსპექტივა ჯერ რუსეთისთვის არ ჩანს. არადა, ამ ორი თვის განმავლობაში ძალიან დიდი დანაკარგი განიცადა, როგორც ადამიანური, ისე სამხედრო. თუ კიდევ გააგრძელებს ბრძოლას, თან არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინაც როცა დრო მოვა, გადავა კონტრშეტევაზე და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას შეეცდება, ამისთვის კი რუსეთს სულ უფრო მეტი რესურსი დასჭირდება, ეს კი მას გამოფიტავს. თუმცა, როგორც ვთქვი, კრემლში იმედოვნებენ, რომ უკრაინას დაღლიან, ვნახოთ, რა იქნება… უკრაინას უპირატესობა აქვს, ჯერ ერთი, სიმართლე მის მხარეს არის და მეორე ის საკუთარ ტერიტორიაზეა. არ უნდა დაგვავიწყდეს მასშტაბური სამხედრო დახმარებაც. არა მგონია, რუსეთმა ხერსონისა და მარიუპოლის აღების გამარჯვებად გასაღება მოახერხოს. ამისთვის კიდევ რაღაც დასჭირდება… მისთვის იდეალური იქნებოდა ოდესის მითვისება, რადგან ამით შავიზღვისპირეთს სრულად წაართმევდა უკრაინას, მაგრამ შეძლებს? როგორც ცნობილია, ოდესის სანაპირო ზოლი უკრაინელებს კარგად აქვთ დანაღმული. იქიდან შეტევა, ფაქტობრივად, გამორიცხულია და მოლდოვის მიმართულებაც გამაგრებული აქვთ. რაც მოხდა მარიუპოლში, როდესაც ქალაქი ალყაში მოაქციეს, ოდესაში თითქმის გამორიცხულია. თუ ოდესა აიღეს, რაც ძნელად წარმომიდგენია, ეს შესაძლოა მართლაც გამოეცხადებინათ გამარჯვებად და ეფიქრათ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე”,- აცხადებს შარაშენიძე.

კითხვაზე – “სამწუხაროდ, ბოლო არ უჩანს უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის დაძაბულობას. გამუდმებით გაისმის ბრალდებები უკრაინიდან და ძალიან მკვახე პასუხები საქართველოდან” – ექსპერტი პასუხობს:

“იმედია, ბოლოს და ბოლოს, დასრულდება ეს უსიამოვნო გადაძახილი. როდესაც საქართველოს საყვედურობენ რაღაცებს, მინდა ვიკითხო, კი მაგრამ, რა გააფუჭა საქართველომ ასეთი? თუ არ ჩავთვლით საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის გაუაზრებელ და არასწორ განცხადებებს, არაფერი გაგვიფუჭებია. თუ გვთხოვენ რაიმეს გაკეთებას, მაშინ გვითხრან ისიც, რის გაკეთება შეუძლია ჩვენისთანა და ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას? ხანდახან ისეთი განცხადებები გვესმის, თითქოს საქართველოს ხელშია ომის დასრულება და ჩვენ ხელს არ ვანძრევთ… თუ საქართველოს მთავრობა წავა ავანტიურაზე, ამისთვის საჭირო იქნება ივანიშვილის ნებართვა, აი, მას რაში სჭირდება ამაზე წასვლა, არ ვიცი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასე დამატებით ფულს იშოვისო, ისმის კითხვა, რაში სჭირდება ის რამდენიმე მილიონი, რომელიც შეიძლება იშოვოს, როდესაც შესაძლებელია მთელ მის ქონებას დაემუქროს ამის გამო სანქციები? ასე მხოლოდ გიჟი თუ მოიქცევა, აი, ივანიშვილი კი გიჟი ნამდვილად არ არის”.

რაც შეეხება მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის საკითხს, ექსპერტი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა აუცილებელია.

“რაც შეეხება სააკაშვილს, მეც ვფიქრობ, რომ აუცილებელია სამკურნალოდ მისი უცხოეთში გადაყვანა. ხელისუფლება მსჯელობს სამართლებრივად და ამბობს, რომ სააკაშვილი პატიმარია და სახელმწიფო მასაც ისე უნდა მოექცეს, როგორც სხვა პატიმრებს, რაშიც არის ლოგიკა, მაგრამ სააკაშვილის პატიმრობას არა აქვს მხოლოდ სამართლებრივი მხარე, ეს პოლიტიკური საკითხიც არის. ჯვარი სწერია, მაგრამ თუ რაიმე დაემართა, რაც უნდა სამართლებრივად მართალი იყოს, საბოლოოდ ეს ხელისუფლებას დაჰბრალდება, რაც ქვეყნის პრობლემად იქცევა. გამსახურდიას პრობლემა დღემდე მოჰყვება ქვეყანას. ეს გათიშულობა, პოლარიზაცია სწორედ მაშინ დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა. ახლა კიდევ ახალი დაპირისპირების გაღვივება არ გვჭირდება… ხოლო რიგგარეშე არჩევნებს რაც შეეხება, ცოტა მეცინება ამაზე რომ ლაპარაკობენ. ხომ ვნახეთ ყველამ ბოლოდროინდელი სოციოლოგიური კვლევები. ისევ “ოცნება” იგებს, თუ სურთ 2022 წელს ჩაატარონ არჩევნები და “ოცნებას” ხელისუფლებაში ყოფნა 2026 წლამდე გაუხანგრძლივონ, კი ბატონო… როცა არაფრის თავი არა გაქვს და არჩევნებს ისევ წააგებ, რატომ დაგიჟინია ვადამდელი არჩევნები, გაუგებარია”, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები