უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაბომბა

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ორ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე – ომსკსა და იაროსლავლში – დრონებით იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ინფორმაციით, დარტყმის სამიზნე გახდა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სადაც აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა. რუსული მხარის ცნობით, რეგიონზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, თუმცა ობიექტზე მიყენებული ზარალის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. როგორც ცნობილია, ეს საწარმო წელიწადში 15 მლნ ტონა ნავთობს ამუშავებს და რუსეთის ნავთობის უდიდესი ქარხნების ხუთეულში შედის.

იაროსლავლის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ ევრაევმა განაცხადა, რომ ქალაქის მახლობლად 70 უკრაინული დრონი იყო განადგურებული, ორი ადამიანი ნამსხვრევებით დაიჭრა.

ამასთან, უკრაინულმა შორი მოქმედების დრონებმა იერიში მიიტანეს ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც, რომელიც ამ სფეროში რუსეთის უდიდესი საწარმოა. ობიექტი უკრაინის საზღვრიდან 2 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს, რის გამოც ეს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე შორ მანძილზე დადასტურებულ უკრაინულ დარტყმად მიიჩნევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები