მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენებასთან დაკავშირებით: მოდელის ცვლილება პასუხობს იმ დღევანდელ მოთხოვნებს, რომელიც გლობალური რეალობიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში
“მოდელის ცვლილება პასუხობს იმ დღევანდელ მოთხოვნებს, რომელიც გლობალური რეალობიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში”,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენებასთან დაკავშირებით „დღის ქრონიკაში” განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ აქტიურად იმუშავა, რომელი მოდელი იქნებოდა სწორი, რომლითაც უნდა იმუშაოს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა.
„ეს იქნება სწორი პოლიტიკა, რომ პორტი იქნება ქართული, მაგრამ გვეყოლება პარტნიორები ოპერატორების სახით არაერთი სახელმწიფოდან, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების მოტანას, სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობას და შემდგომში ოპერირებას. მოდელის ცვლილება ასევე პასუხობს იმ დღევანდელ მოთხოვნებს, რომელიც გლობალური რეალობიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში.
ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ, რომ სწორად შეგვეფასებინა გაზრდილი და სამომავლო მოთხოვნიდან გამომდინარე, რა იქნებოდა ის სწორი მოდელი, რომლითაც უნდა იმუშაოს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა. ამ პროცესში და კვლევებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგრძნობლად გაიზარდოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის მოცულობებიც.
რეალურად ვსაუბრობთ საკმაოდ ხელშესახებ გაზრდაზე. დაახლოებით 10 მილიონ ტონამდე გაიზრდება მშრალი და გამტარი ტვირთების გამტარობა. წინა ვერსიის მონაცემები იყო დაახლოებით მილიონ ნახევარი. წარმოიდგინეთ რამხელა გაზრდაზე გვაქვს საუბარი. მათ შორის საკონტეინერო ტვირთების გაფართოებასაც განვიხილავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დახვდეს მზად იმ გაზრდილ ტვირთნაკადს, რომელიც აუცილებლად იქნება გლობალურად“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.