მედია: გერმანიაში კვერცხის დეფიციტის ახალი ტალღა დაფიქსირდა
გერმანიაში კვერცხის დეფიციტის ახალი ტალღა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Bild-ი იუწყება.
როგორც გამოცემა წერს, ქვეყნის რიგ საცალო ქსელებში მომხმარებლებს ერთ ადამიანზე არაუმეტეს ორი პაკეტის გაყიდვა შეუძლიათ.
მედიის ინფორმაციით, კვერცხის დეფიციტი და ფასების ზრდა ევროპაში კვერცხმდებელ ქათმებში ნიუკასლის დაავადების (ფსევდოჭირის) მასშტაბურმა აფეთქებებმა გამოიწვია.
„Discounter Netto ApS & Co. KG თავის ყველა ფილიალში კვერცხის გაყიდვაზე შეზღუდვებს აწესებს. ამიერიდან ძალაში შედის წესი, რომელიც ერთ მომხმარებელზე, ერთ ვიზიტზე ორ შეფუთვაზე მეტს არ ითვალისწინებს“, – წერს გამოცემა.
Netto-ს საცალო ქსელის მენეჯმენტმა დაადასტურა კვერცხის შესყიდვაზე შეზღუდვის შემოღება და ეს ევროპის ფრინველის ხორცის ბაზარზე მიწოდების სერიოზული შეფერხებებით ახსნა. კომპანია ვარაუდობს, რომ გერმანიაში მიწოდების სიტუაცია მიმდინარე თვეში სტაბილიზაციას დაიწყებს.
თავის მხრივ, გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სუპერმარკეტების ქსელმა, Rewe-მ, კვერცხის ასორტიმენტის შემცირება დააფიქსირა, თუმცა მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პროდუქციის სრულ დეფიციტზე საუბარი ჯერ არ არის.