“აზოვსტალში” გვამები იხრწნება და ყველაფერი იწამლება, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება” – “აზოვის” მეთაურის მოადგილე
პოლკ “აზოვის” მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი ამბობს, რომ ოკუპირებულ მარიუპოლში ყოველდღიურად იღუპებიან როგორც უკრაინელი, ისე – რუსი სამხედროები.
ВВС-სთვის მიცემულ ინტერვიუში პალამარმა უშუალოდ “აზოვსტალში” არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, უცნობია, რა რაოდენობის დაღუპული სამხედრო რჩება ნანგრევებში.
“დაღუპულთა რაოდენობას არ გამოვაცხადებ. დამიჯერეთ, საუბარია ასობით უკრაინელ ჯარისკაცზე. 600-მდე დაჭრილია. მაგრამ ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება ისევე, როგორც – დაღუპულთა რაოდენობა. ჩვენ ზუსტად არც კი ვიცით, რამდენი სამხედროს ცხედარია ნანგრევებში. ვფიქრობ, რუსულ მხარესაც სჭირდება დაღუპული ჯარისკაცების შეგროვება. ამისთვის ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო და ორივე მხარის შეთანხმება დაღუპულების ცხედრების შეგროვების შესახებ. გარეთ უკვე თბება, სხეულები იხრწნება და ყველაფერი იწამლება“, – განაცხადა მან.
ასევე, მისი თქმით, ჯარისკაცების დიდი ნაწილი მედიკამენტების სათანადო დონის არარსებობის გამო იღუპება.
“ჩვენი სამხედროები ყოველდღე იღუპებიან მძიმე ჭრილობებით. არ გვაქვს საკმარისი ანტიბიოტიკები, სახვევი მასალები, სუფთა ჰაერიც არ გვაქვს. ჩვენს ჰოსპიტალს ბომბავენ. ბევრი გვყავს ჭურვებისგან შოკირებული. ბევრია დაღუპული ზუსტად დაბომბვის შედეგად. სიტუაცია უბრალოდ კატასტროფულია”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge