ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2020-2021 წლების ანგარიშებზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2020 და 2021 წლების ანგარიშებზე იმსჯელა.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის, გვანცა ჩხეიძის განცხადებით, 2020-2021 წლები მსოფლიო პანდემიით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული გამოწვევებით და სირთულეებით გამოირჩეოდა და ისევე, როგორც საჯარო და კერძო სექტორის უმეტეს ნაწილს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურსაც არსებულ გამოწვევებთან გამკლავება დისტანციურ რეჟიმში მუშაობით მოუწია.

მომხსენებლის თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა და სამუშაოს დისტანციურ რეჟიმთან დაკავშირებული სირთულეებისა, სამსახურმა არსებული ადამიანური რესურსის, ჩვეული სამუშაოს ხარისხისა და შესაბამისი სტანდარტების შენარჩუნებით, მოახერხა ერთი მხრივ, შექმნილ სიტუაციასთან ადაპტირება, სამსახურის საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველყოფა და, მეორე მხრივ, საანგარიშო პერიოდში მომხმარებელთა მომართვიანობის ზრდადობის და საჩივრების განხილვის შედეგების დადებითი დინამიკის შენარჩუნება.

„გასული წლების გამოცდილებამ, ნათლად წარმოაჩინა სატელეკომუნიკაციო მომსახურებების უწყვეტობის როლი და მნიშვნელობა. ამ პროცესში ყველას კარგად გვესმის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის ინტერესებისა და უფლებების დაცვა, რაც სამსახურისთვის მთავარ ორიენტირს წარმოადგენს და მუდმივი ზრუნვის საგანია”, – განაცხადა გვანცა ჩხეიძემ. მან ისაუბრა მომხმარებელთა მიმართვიანობის მაჩვენებლის, 2 წლის განმავლობაში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების და სამომავლო გეგმებისა და აქტივობების შესახებ.

მისი თქმით, ანგარიშში ასახული სტატისტიკური მაჩვენებლები წლების განმავლობაში ინარჩუნებს მზარდ დინამიკას და შედეგობრივად უმჯობესდება.
მისივე განცხადებით, ეს სამსახურის საქმიანობის სწორი მიმართულებით წარმართვის ერთგვარი ინდიკატორი და, ამავდროულად, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი საქმიანობის მოტივატორია.

დღესვე კომიტეტში პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, „2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” სახალხო დამცველის ანგარიშში პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები