სააკაშვილის,ადეიშვილისა და კეზერაშვილის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება გასაჩივრდება
მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება, – ამის შესახებ პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულების ადვოკატებმა განაცხადეს. როგორც ადვოკატმა ოთარ კახიძემ აღნიშნა, დღევანდელი გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, რადგან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ გააჩნია. წინასასამართლო სხდომა 22 სექტემბერს, 12.00 საათზე ჩაინიშნა. სააკაშვილის, ადეიშვილისა და კეზერაშვილის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ. პროკურატურა კი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 28 ივლისს მიეცა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. ამ ეტაპზე პროკურატურას 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და “ტელეიმედში” შეჭრის საქმეზე უგულავასა და მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.