პროკურატურა სააკაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნებისთვის პატიმრობს შეფარდების გადაწყვეტილებას ეხმაურება

მთავარი პროკურატურა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, ზურაბ ადეიშვილისთვის და დავით კეზერაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდების გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნა და ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ასევე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებს – ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა“- აღნიშნულია განცხადებაში.
სააკაშვილის, ადეიშვილისა და კეზერაშვილის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ. პროკურატურა კი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 28 ივლისს მიეცა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. ამ ეტაპზე პროკურატურას 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და “ტელეიმედში” შეჭრის საქმეზე უგულავასა და მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები