გოგა ხაინდრავა: ერეკლე კოდუას ცუდი ოფიციანტივით შეკვეთები ერთმანეთში აერია
სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას განცხადებასთან, დაკავშირებით, რომ მას ბადრი პატარკაციშვილმა გოგოა ხაინდრავას ლიკვიდაცია დაავალა, “კვირასთან“ პირველ კომენტარს თავად გოგა ხაიდრავა აკეთებს. ხაინდრავა აბსურდულს და შიზოფრენულს უწოდებს კოდუას განცხადებას და აცხადებს, რომ მერაბიშვილისა და სააკაშვილის შეკვეთა კოდუას პატარკაციშვილის შეკვეთაში აერია.
“ერეკლე კოდუას ცუდი ოფიციანტივით შეკვეთები ერთმანეთში აერია, ეტყობა მერაბიშვილმა და სააკაშვილმა შეუკვეთეს, მაგრამ იმდენი შეკვეთები ჰქონდა, აერია. ეს არის შიზოფრენია, ეს მეტყველებს მათ ფსიქიურ აშლილობაზე. ისინი კანკალით ელოდებიან იმ განაჩენს, რომელსაც ქართული მართლმსაჯულება და ქართველი ხალხი გამოუტანს იმ ბოროტებების გამო, რომელიც ჩაიდინეს. მე და ბადრი ბავშვობის მეგობრები, თანამებრძოლები ვიყავით, ოჯახებით ვმეგობრიბდით, კოდუასთვის არც ახლობელი და არც მეგობარი არ არსებობს, ამიტომ აკეთებს ასეთ არაადეკვატურ განცხადებებს“-განუცხადა “კვირას“ გოგა ხაინდრავამ.
ბადრი პატარკაციშვილმა დაუფიქრებლად მითხრა, რომ გოგა ხაინდრავას მკვლელობა უნდა მომხდარიყო – ამის შესახებ სოდ-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ერეკლე კოდუამ “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც კოდუამ აღნიშნა, მას პატარკაციშვილმა უთხრა, რომ დანარჩენი სამი ადამიანის სიას შემდეგ მიაწოდებდა.
“ეს პირდაპირ მითხრა, დანარჩენ სამი ადამიანის სიას კი შემდეგ მომაწოდებდა. მისივე გუნდის წევრები უნდა ყოფილიყვნენ, ამას შემდეგ კი მასობრივი მღელვარება მოჰყვებოდა და მოხდებოდა სახელმწიფო გადატრიალება. ისეთ ადამიანებს იშორებდა, რომელთანაც შეიძლება ურთიერთობა არ უნდოდა, ან შეიძლება, ისეთი ხალხი ამოირჩია, რომ საზოგადოება სრულად დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ეს ამათმა გააკეთეს”, – განაცხადა კოდუამ.