“აზოვი” ჩვენი სახელმწიფოს არმიაა” – ზელენსკიმ საბერძნეთში გამოთქმულ ბრალდებას უპასუხა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ “აზოვის” წევრები რადიკალები და ნეონაცისტები არიან.

ამის შესახებ მან ბერძნულ ტელეკომპანია EPT-თან ინტერვიუში თქვა.

პრეზიდენტმა თქვა, რომ “აზოვის” პოლკი – ეროვნული გვარდიის ფორმირებაა, უკრაინის არმიის ნაწილი და მას პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

ზელენსკიმ განმარტა, რომ 2014 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს, როდესაც “აზოვის” მოხალისეთა ბატალიონი ჩამოყალიბდა, მისი ზოგიერთი მოწოდება რადიკალური იყო.

„2014 წელს, როდესაც ქვეყანას მოხალისეთა ბატალიონები იცავდნენ, მათი ბევრი მოწოდება საკმაოდ რადიკალური იყო რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით. ისინი მოხალისეები იყვნენ და ეს იყო მათი პირადი შეხედულება. “აზოვის” პოლკი – აღარ არის მოხალისეები, ის არის ეროვნული გვარდიის ნაწილი. ისინი ჩვენი სახელმწიფოს ოფიციალური არმიაა. ის, ვისაც პოლიტიკაში ჩართვა სურდა, წავიდა და პოლიტიკით დაკავდა. ვინც გადაწყვიტა – ემოქმედა ეროვნული გვარდიის ფარგლებში, ამ გვარდიის ნაწილი გახდა”, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ თქვა, რომ, ომის მიუხედავად, სხვა ქვეყნებთან შედარებით, უკრაინაში რადიკალიზმისკენ მოწოდებები „ძალიან ცოტაა“.

“ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ნაციზმი არის ის, რასაც ჩვენს ქვეყანაში რუსები აკეთებენ”, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

აპრილის დასაწყისში ზელენსკიმ სიტყვით საბერძნეთის პარლამენტს მიმართა. ზელენსკის გამოსვლასთან ერთად, ნაჩვენები იყო ორი, ბერძნული წარმოშობის “აზოვის” მებრძოლის მიმართვა, რომლებიც მარიუპოლს იცავენ.

საბერძნეთის ოპოზიციური პარტიის – “სირიზას”ლიდერმა, ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა, ალექსის ციპრასმა “აზოვს”  “ნეონაცისტური ფორმირება” უწოდა და გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ მოხალისეებმა საბერძნეთის პარლამენტს მიმართეს.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები