შალვა პაპუაშვილი: საქართველო-ევროკავშირის ისტორია ჩვენ თვალწინ იწერება
“ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარი უკვე გადასცა კარლ ჰარცელს, რაც კიდევ ერთი, წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისკენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მან ყველა იმ ადამიანს, ვისაც აღნიშნულ პროცესში წვლილი აქვს შეტანილი, მადლობა გადაუხადა.
“საქართველო-ევროკავშირის ისტორია ჩვენ თვალწინ იწერება ჩვენი მომავალი თაობებისათვის. პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარი უკვე გადასცა ევროკავშირის ელჩს, ბ-ნ, კარლ ჰარცელს, რაც კიდევ ერთი, წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისაკენ. მადლიერი ვარ იმ ყველა ადამიანის მიმართ, ვინც ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა”, – წერს პაპუაშვილი “ტვიტერზე”.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ უკვე შეავსო.