გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებათა პროექტი, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა.

პარლამენტის ინფორმაციით, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა ზოგადი პრინციპების დონეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა ლანა ცანავამ წარადგინა და მოქმედ კანონში ცვლილებების განხორციელების წინაპირობებზე ისაუბრა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება მეხანძრე-მაშველების სასწავლო კურსის განხორციელებას და მოითხოვს გარკვეულ ცვლილებებს ამასთან დაკავშირებით. წარმოდგენილია მთელი რიგი სამართლებრივი ცვლილებები, რომელთა დანერგვაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს დღეს არსებულ პრაქტიკას”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა.

ცვლილებების მიხედვით, დარეგულირდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა მიღებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, უზრუნველყოფილ იქნება აღნიშნული რეგულაციების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოქმედ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობა, სისტემატიზაცია და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება.

სამოქალაქო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის საკითხი ახლებურად დარეგულირდება სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის, სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების ფორმად დაემატება სამსახურის ჟეტონით დაჯილდოება. იცვლება „სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს” სახელწოდება, რომელიც ჩანაცვლდება -„სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს” სახელწოდებით.

კანონპროექტის მიღების შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს უფლებამოსილება ექნება, სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს მეშვეობით, განახორციელოს მეხანძრე-მაშველთათვის საბაზისო სპეციალური პროფესიული განათლების, აგრეთვე მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების და კურსების მიწოდება. კომიტეტმა ცვლილებათა პროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები