დღეს ქუთაისში “გვირილობა“ აღინიშნება
2 მაისს, “ქუთაისობა 2022-ის” აღნიშვნა ტრადიციულად, ქუთაისის დალოცვით დაიწყო. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ ბაგრატის საკათედრო ტაძარში დალოცა ქუთაისი და ქუთაისელები. საეკლესიო რიტუალს ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები და ქალაქის სტუმრები.
სამი ოთარის ძეგლის პატივგება “ქუთაისობის” ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიებაა. ოთარ სულაბერიძის, ოთარ მამფორიას და ოთარ ქორქიას ძეგლები ყვავილებით შეამკეს “ქუთაისობის” მონაწილეებმა და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი სახელოვანი ქუთაისელების ხსოვნას.
“ქუთაისობა 2022”-ს, “გვირილობას” ვულოცავ ჩვენს ქალაქს, თანაქალაქელებს და ჩვენ სტუმრებს! მოხარული ვარ, რომ კვლავ მოგვეცა ამ დღის ერთად აღნიშვნის საშუალება.
დილით ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ ქუთაისი დალოცა. პატივი მივაგეთ სამი ოთარის ხსოვნას. ქუთაისს სწორედ ასეთმა გამორჩეულმა ადამიანებმა გაუთქვეს სახელი და ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს გადავცეთ მათი ამბავი.წინ მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები გველის და კიდევ ერთხელ გიწვევთ ყველას – ერთად აღვნიშნოთ”ქუთაისობა 2022″, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
,,ვულოცავ ყველა ქუთაისელს გვირილობის დღესასწაულს. ეს სახალხო დღესასწაული ყოველთვის ასოცირდებოდა სიკეთესთან და ქველმოქმედებასთან. სამწუხაროდ, წელს მასშტაბურად ვერ აღვნიშნავთ, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში მიმდინარეობს ომი, იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები და ქუთაისი ისევე, როგორც მთელი საქართველო არის სოლიდარული უკრაინის მიმართ“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.