შალვა პაპუაშვილი: საქართველომ წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის არის მოწინავე ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და ამას ფაქტები ადასტურებს

საქართველო არის მოწინავე ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში, ჩვენ უნდა გვქონდეს პოზიტიური გადაწყვეტილების მიღების იმედი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირის ელჩს დღეს გადაეცემა, რაც შეეხება მეორე ნაწილს, პაპუაშვილის თქმით, მასზე მუშაობა მალე დასრულდება.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, შემდეგ ნაბიჯი არის ის, რომ შევსებული კითხვარის საფუძველზე ევროკავშირის კომისიამ საბოლოო დასკვნა წარმოადგინოს.

“შემდეგ არის ევროკავშირის მხარის ნაბიჯი, რომ ამ შევსებული კითხვარის საფუძველზე საბოლოო დასკვნა წარმოადგინოს ევროკავშირის კომისიამ. თვითონ კითხვართან დაკავშირებით მოლოდინებზე რთულია საუბარი, ეს არის ფაქტობრივი მდგომარეობის აღმწერი დოკუმენტი, სადაც ძირითადად საქმე ეხება საკანონმდებლო ჩარჩოს აღწერას, ამიტომ, ამ კუთხით მთავარია სრულყოფილი პასუხები იყოს.

რაც შეეხება შეფასების ნაწილს, რომელიც ევროკომისიის მხრიდან იქნება, ვფიქრობთ, რომ საქართველომ წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის არის მოწინავე ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და ამას ფაქტები ადასტურებს, როგორც ასოცირების შეთანხმების კუთხით და ინსტიტუციური განვითარების კუთხით, ისე საკანონმდებლო დაახლოების კუთხით. ვფიქრობ, წლების განმავლობაში საქართველოს ბეჯითი მუშაობა უნდა დაფასდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები