ირაკლი კობახიძე: ვიდრე ოპოზიცია დეგრადირებული სახეებით რჩება პოლიტიკაში, პოლიტიკურ სისტემას განვითარება არ უწერია – შეგიძლიათ, შეადაროთ ერთმანეთს ჩვენი სახეები და გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი
“საქართველოში ჩვენი მხარდამჭერია მოსახლეობის 50%”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ენდობა თუ არა ის IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 31% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას.
კობახიძის თქმითვე, ვიდრე ოპოზიცია დეგრადირებული სახეებით რჩება პოლიტიკაში, პოლიტიკურ სისტემას განვითარება არ უწერია.
„ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები იმ კომპანიასთან მიმართებით, რომელიც IRI-ს კვლევას უტარებს, თუმცა, ვხედავთ, რომ ამ კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევაც კი არის უმძიმესი ოპოზიციისთვის და მათი კომენტარებიდან ეს მკაფიოდ ჩანს. ოპოზიცია ყველა მიმართულებით რომ არის უმძიმეს მდგომარეობაში, ამას ყველა ხედავს. საქართველოში ჩვენი მხარდამჭერია მოსახლეობის 50%. ჩვენ ვამბობთ, რომ დაუშვებელია ოპოზიცია ამ ფორმით დარჩეს საქართველოში. ვიდრე ოპოზიცია ამ აბსოლუტურად დეგრადირებული სახეებით რჩება პოლიტიკაში, მანამდე პოლიტიკურ სისტემას სათანადო განვითარება არ უწერია. „ქართულ ოცნებაში“ აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობაა – შეგიძლიათ, შეადაროთ ერთმანეთს ჩვენი სახეები და გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.