პოლონეთი რუსეთისგან გაზს აღარ იყიდის, – განაცხადა პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა სტრატეგიული ენერგოინფრასტრუქტურის საკითხებში, პეტრე ნაიმსკიმ რადიოსადგურ RMF FM-ის ეთერში.
“არა. აღარ ვიყიდით გაზს რუსული მხარისგან, რუსული კომპანიებისგან. დამთავრდა”, – განაცხადა ნაიმსკიმ.
ამასთან, მან პირობა დადო, რომ პოლონეთში გაზის დეფიციტი არ შეიქმნება.
“შემიძლია, დაგპირდეთ, რომ თუ გარე პირობები არ შეიცვლება, გაზი იქნება. თუ არავითარი კატაკლიზმი არ მოხდა, გაზის მიწოდება პროგნოზირებული პირობებით მოხდება”, – განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.
“გაზპრომმა” პოლონეთს და ბულგარეთს დღეიდან გაზის მიწოდება შეუწყვიტა. აღნიშნული აიხსნა იმით, რომ გაზის საფასურის გადახდა რუსულ რუბლში არ მოხდა.