იაპონიის პრეტენზიის საპასუხოდ, რუსეთი კურილის კუნძულების ათვისებას დააჩქარებს

რუსეთის მიერ კურილის კუნძულების უკანონო ოკუპაციასთან დაკავშირებით იაპონიის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, მოსკოვი კუნძულების სამრეწველო და ტურისტულ ათვისებას დააჩქარებს.

ამის შესახებ შორეულ აღმოსავლეთში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, იური ტრუტნევმა განაცხადა.

მისი თქმით, თავდაპირველად, რუსეთი “შეეცდება იქ საკრუიზო გემების გაშვებას”, შემდეგ კი “ახალი საინვესტიციო პროექტების მშენებლობას” დაიწყებს და “შემდგომში ცხოვრებას და მუშაობას იმის საფუძველზე, რომ ეს, უდავოდ, რუსეთის ტერიტორიაა”.

რამდენიმე დღის წინ, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ “დიპლომატიის ლურჯ წიგნში” ,19 წლის შემდეგ, “ჩრდილოეთის ტერიტორიები”(სამხრეთ კურილები), როგორც “ოკუპირებული” – განსაზღვრა.

უწყების მოხსენებაში ნათქვამია, რომ „ჩრდილოეთის ტერიტორიები იაპონიის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ამჟამად ისინი რუსეთის მიერ უკანონოდ არის ოკუპირებული“.

აღსანიშნავია, რომ ტოკიო 2011 წლიდან კუნძულებს “იაპონიის კუთვნილებად” მოიხსენიებდა და 2003 წლიდან ფორმულირებას “ოკუპაცია” არ იყენებს.

რუსეთმა და იაპონიამ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს, ამას კურილის კუნძულებთან: კუნაშირთან, შიკოტანისთან, იტურუპსა და ხაბომაის ქედებთან დაკავშირებული დავა აფერხებს, რომლებიც ომის შემდეგ სსრკ-ს კონტროლქვეშ მოექცა.

ტოკიო მათ დაბრუნებას ითხოვს, მოსკოვი კი მიიჩნევს, რომ ტერიტორიები ლეგალურად გადავიდა სსრკ-ს შემადგენლობაში.

უკრაინაში შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთს სანქციები დაუწესა.

21 მარტს კი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მოსკოვი ტოკიოსთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გაგრძელებას არ აპირებს – “იაპონიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ცალმხრივი შეზღუდვების არამეგობრული ხასიათის გამო”.

გარდა ამისა, მოსკოვმა კურილის კუნძულებზე იაპონელების უვიზო ჩასვლა შეაჩერა, ასევე, კუნძულებზე ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის დამყარების შესახებ დიალოგიდან გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები