23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
ქართველი ისტორიკოსი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი ივანე ჯავახიშვილი დაიბადა თბილისში, 1876 წლის 11 (23) აპრილს, პედაგოგ ალექსანდრე ჯავახიშვილის ოჯახში.
1895 წელს, გიმნაზიის დასრულების შემდეგ, ივანე პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. 1899 წელს.დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანული განყოფილება.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1901 წელს ხდება „ქართული სიტყვიერების მაგისტრი“. ერთი წლის შემდეგ კი, ნიკო მართან ერთად მიემგზავრება სინას მთაზე, რათა შეისწავლოს იქ დაცული ძველი ქართული ხელნაწერები. 1906 წელს მან გამოაქვეყნა ცარიზმისადმი ღრმა სიძულვილით გამსჭვალული ბროშურა: „პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნეში“. ამ ნაშრომის გამო ივანე ჯავახიშვილი სამართალში მისცეს, წიგნი კაიკრძალა, ავტორი კი პოლიტიკურად არასაიმედოდ მიიჩნიეს.
სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ივანემ ფიქრი ქართული უნივერსიტეტის დაარსებაზე. საგულისხმოა, რომ ზაფხულობით, როდესაც საქართველოში ჩამოდიოდა ყოველთვის კითხულობდა საჯარო ლექციებს, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
მან საქართველოში შექმნა ქართველ მეცნიერთა წრე, ამ წრის ბაზაზე 1918 წლის 26 იანვარს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, დააარსა პირველი ქართული უნივერსიტეტი თბილისში.
1918–1919წწ. იყო ქართული უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი; 1919–1926წწ. ამავე უნივერსიტეტის რექტორი;
1937 წლიდან არის რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორი; 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 20-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორი; მან შექმნა ქართული წყაროთმცოდნეობის ფუძემდებლური ნაშრომი „ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა“, რომელიც გამოიცა ოთხ წიგნად: „ძველი ქართული საისტორიო მწერლობა V-XVIII სს.” (1916, 1921, 1945, 1977), „ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია” (1925), „ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია” (1926, 1949), „ქართული სიგელთამცოდნეობა ანუ დიპლომატიკა” (1925).
მას ეკუთვნის კაპიტალური შრომა „ქართველი ერის ისტორია” (5 წიგნად); ასევე შექმნა კაპიტალური ნაშრომი „ქართული სამართლის ისტორია”; მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას; მის სახელთან არის დაკავშირებული 1930-იანი წლების შუა ხანებში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების დაწყება მცხეთასა და არმაზში; აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში; მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო „ვეფხისტყაოსნის“ 750 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.
მიღებული აქვს პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს ოქროს მედალი (1898). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.