შოლცი: რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესება უკრაინაში ომს ვერ შეაჩერებს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია რუსეთის ენერგორესურსებზე უარს ვერ იტყვის, რადგან ეს დიდ ზიანს მიაყენებს მის ეკონომიკას და, ამავდროულად, უკრაინაში ომის შეჩერებას არ დაეხმარება.

ამის შესახებ მან Spiegel-თან ინტერვიუში თქვა.

“მე ვერ ვხედავ იმას, რომ გაზის ემბარგომ ეს ომი დაასრულოს. პუტინი ღია რომ ყოფილიყო ეკონომიკური არგუმენტებისთვის, ის არასოდეს დაიწყებდა ამ გიჟურ ომს”, – თქვა შოლცმა.

მან ასევე თქვა, რომ აქ საუბარი ფულის გამომუშავებაზე არ მიდის, არამედ – დრამატული ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილებაზე, მილიონობით სამუშაო ადგილისა და ინდუსტრიის დაკარგვაზე.

„ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი ევროპისთვის და  სერიოზულ გავლენას მოახდენს უკრაინის რეკონსტრუქციის დაფინანსებაზე. ამიტომ, ვალდებული ვარ ვთქვა: ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. და მესამე, ვინმე ფიქრობს გლობალურ შედეგებზე?“, – თქვა შოლცმა.

რაც შეეხება რუსულ გაზზე, ნავთობსა და ქვანახშირზე დამოკიდებულებას, მისი თქმით, აუცილებელი იყო წინასწარ უზრუნველყოფილიყო სხვა მომწოდებლების გამოყენების შესაძლებლობა, ძალიან მოკლე დროში.

“საჭიროების შემთხვევაში, გერმანიამ უნდა დააფინანსოს თხევადი გაზის ტერმინალები და ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთ გერმანიის გადამამუშავებელი ქარხნებისთვის, თუნდაც ისინი არ იყოს ეკონომიკურად მომგებიანი. ეს არის ნამდვილი შეცდომა, რომელიც დიდი ხანია, მაწუხებს”, – დასძინა კანცლერმა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები