მარიუპოლის საქალაქო საბჭო: სოფელ მანგუშში შესაძლოა, რუსების მიერ მოკლული 9 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იყოს დაკრძალული

ამერიკული კომპანია „მაქსარის“ მიერ თანამგზავრიდან გადაღებულმა ფოტოებმა ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლის მახლობლად საერთო სამარხი დააფიქსირეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, მარტის შუა რიცხვებიდან აპრილის შუა რიცხვებამდე პერიოდის ფოტოების ანალიზი აჩვენებს, რომ საფლავების გაფართოება 23-26 მარტის პერიოდში დაიწყო.

საუბარია მარიუპოლის მახლობლად მდებარე სოფელ მანგუშზე, სადაც მარიუპოლის საქალაქო საბჭოს პრესსამსახურის განცხადებით, რუსების მიერ მოკლული 3 000-დან 9 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე შეიძლება იყოს დაკრძალული.

„მარიუპოლში 21-ე საუკუნის ომის უდიდესი დანაშაული მოხდა. ეს არის ახალი ბაბი იარი, სადაც ჰიტლერმა ებრაელები, ბოშები და სლავები მოკლა. ახლა კი პუტინი ანადგურებს უკრაინელებს. მან უკვე მოკლა ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მარიუპოლში, რაც მთელი ცივილიზებული სამყაროსგან ძლიერ რეაქციას მოითხოვს. გენოციდი აუცილებლად უნდა შეწყდეს“, – განაცხადა მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები