“აზოვსტალის” აღება ფიზიკურად არ შეუძლიათ, იქ დიდი დანაკარგი აქვთ” – არესტოვიჩმა განმარტა, რატომ თქვა პუტინმა შტურმზე უარი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განმარტა, თუ რატომ თქვა კრემლმა “აზოვსტალის” შტურმზე უარი.

როგორც არესტოვიჩმა ბრიფინგზე თქვა, დილით ვლადიმერ პუტინმა და სერგეი შოიგუმ შეხვედრა გამართეს და საჯაროდ განაცხადეს, რომ მარიუპოლი აღებულია, ასევე, უარი თქვეს “აზოვსტალის” შტურმზე, რადგან იმ რუს სამხედროებში დანაკარგები არ სურთ, რომლებსაც მეტალურგიული ქარხნის ნანგრევებზე მძიმე ბრძოლა მოუწევთ.

“პუტინმა გამოიჩინა “ზრუნვა” რუსი ჯარისკაცების მიმართ, რომ იქ არ დაღუპულიყვნენ. ეს ნიშნავს შემდეგს – მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ “აზოვსტალის” აღება, ამას მიხვდნენ, იქ დიდი დანაკარგი აქვთ”, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, მარიუპოლის მცველები მეტალურგიული ქარხნის კონტროლს აგრძელებენ.

ამავდროულად, მან დასძინა, რომ “აზოვსტალის” აღებაზე უარის თქმა შესაძლოა, იმითაც აიხსნას, რომ რუსებმა თავიანთი ჯარების ნაწილი ჩრდილოეთით გადაისროლეს, რომ გააძლიერონ ის ძალები, რომლებიც მთავარი ამოცანის შესრულებას ცდილობენ – ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრამდე გასვლას.

“ამას ვერ შეძლებენ. გამარჯვების ნაადრევი გამოცხადება, არც აღდგომის და არც 9 მაისის დალოდების გარეშე, ნიშნავს იმას, რომ რუსებმა გააცნობიერეს – ომის ამ ეტაპზე მათი ბოლო აქტიური ოპერაცია უშედეგოა”, – თქვა არესტოვიჩმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები