“ნიანგთან საუბარს ჰგავს, რომელსაც შენს ფეხში კბილები უკვე ჩავლებული აქვს“ – ჯონსონი პუტინთან მოლაპარაკების შესაძლებლობაზე

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ უკრაინაში მოლაპარაკების გზით ომის შეჩერების ყველა მცდელობა, მაღალი ალბათობით, ჩავარდება.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ამჟამად, ვლადიმერ პუტინთან უკრაინაზე მოლაპარაკება წააგავს „ნიანგთან საუბარს, როდესაც მას შენს ფეხში კბილები უკვე ჩავლებული აქვს”. მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი უკრაინას იარაღით დაეხმაროს.

”ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეუძლიათ უკრაინელებს პუტინთან მოლაპარაკება, როდესაც მას კეთილი ნება აშკარად არ აქვს. მისი სტრატეგია ცხადია – შეეცადოს უკრაინის იმდენი ტერიტორიის დაკავებას, რამდენსაც შეძლებს და შემდეგ შესაძლოა, ძალის პოზიციიდან, რაღაც მოლაპარაკება აწარმოოს”, – თქვა ჯონსონმა.

მისი თქმით, პუტინმა ნათლად აჩვენა, რომ მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს და, ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში, კიევზე თავდასხმის მცდელობის გამეორებაზე იტყვის უარს.

“როგორ შეიძლება ნიანგთან მოლაპარაკება, როდესაც მას თქვენს ფეხში კბილები აქვს ჩავლებული? უკრაინისთვის ეს გამოწვევაა. ჩვენ უნდა დავიცვათ ის სტრატეგია, რომელიც ავირჩიეთ და გავაგრძელოთ იარაღით მათი მომარაგება”, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები