„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განმარტებით, საკანონმდებლო დონეზე ფორმულირებული ჩანაწერით უფრო მეტად გაფართოვდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა. სამსახური იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებსაც გამოიძიებს, რომლის ჩადენასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას დაადგენს.

„ცვლილებების მიღების შემთხვევაში, სათანადო სოციალური გარანტიებით თანაბრად ისარგებლებენ როგორც სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლები, ასევე ის თანამშრომლები, რომლებიც საგამოძიებო ფუნქციებით არ არიან აღჭურვილნი”, – განაცხადა მომხსენებელმა.

გარდა ამისა, საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები. კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ალუდა ღუდუშაურის განმარტებით, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონში შესატან ცვლილებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები