ოკუპანტებს “აზოვსტალში” მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის, ბავშვები და უკრაინელი სამხედროები ჰყავთ ბლოკირებული

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის სახალხო მილიციის ქვედანაყოფებთან ერთად, მარიუპოლი “გაათავისუფლეს”, ხოლო “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე 2 ათასამდე უკრაინელი სამხედრო იმყოფება.

ამის შესახებ შოიგუმ კრემლში მთავარსარდალ პუტინს უთხრა.

„ქალაქში მშვიდი ვითარებაა, ეს საშუალებას გვაძლევს – დავიწყოთ წესრიგის აღდგენა, მოსახლეობის დაბრუნება და მშვიდობიანი ცხოვრების დამყარება. რაც შეეხება მათ, ვინც “აზოვსტალის” ქარხანას აფარებს თავს, ისინი იქ ბლოკირებულნი არიან და, დაახლოებით, სამი-ოთხი დღე დაგვჭირდება სამუშაოს დასასრულებლად“, – განაცხადა შოიგუმ.

აღსანიშნავია, რომ “აზოვსტალის” ტერიტორიაზე არა მხოლოდ უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან, იქ ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის, ბავშვებიც არიან.

როგორც გუშინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, სერგეი ვოლინმა თქვა, ადგილზე ვითარება მძიმეა, ქარხანაში უკვე 500-ზე მეტი დაჭრილია და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება, მათ შორის, ბავშვები და ქალები.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები