კადიროვის მტკიცებით, რუსი ოკუპანტები “აზოვსტალზე” კონტროლს უკვე დღეს დაამყარებენ
ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები მარიუპოლში “აზოვსტალის” ქარხანაზე სრულ კონტროლს უკვე დღეს, 21 აპრილს დაამყარებენ.
ამის შესახებ მან ტელეგრამის არხზე თქვა.
„მინდა, გაგიზიაროთ სასიხარულო ამბავი. დღეს, ლანჩამდე ან შუადღის შემდეგ, “აზოვსტალი” მთლიანად იქნება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ“, – თქვა მან.
მისი თქმით, “აზოვის” მებრძოლებს, რომლებიც ქარხანაში არიან გამაგრებულნი, იარაღის დაყრის დრო ჯერ კიდევ აქვს და ეს დილით უნდა მოხდეს.
”თუ თქვენ დილით იარაღის დაყრის გადაწყვეტილებას მიიღებთ, დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა, უმაღლესი მთავარსარდალის ხელმძღვანელობით, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – დასძინა მან.