საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პოლიტიკური ჯგუფის „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის” საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრების: სალომე სამადაშვილის, ბადრი ჯაფარიძის, დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძის და ანა ნაცვლიშვილის მიერ „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ” საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის და საკითხის მომხსენებლის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დღევანდელი კანონმდებლობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში სასურველ შედეგებს ვერ იძლევა.
მომხსენებლის განმარტებით უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო – ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან და კოორდინირებულ ბრძოლას შეუწყობს ხელს.
„ვინც გავეცანით ევროკავშირის კითხვარს, რაზედაც დაფუძნებული უნდა იყოს საქართველოს წევრობა, განსაკუთრებული აქცენტი იქ სწორედ იმაზეა გამახვილებული, აქვს თუ არა საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად ეფექტიანი ინსტრუმენტი. დღეს, რომ საქართველოს ჰქონდეს ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო, გაცილებით უფრო წინ ვიქნებოდით, მათ შორის ევროკავშირის სტანდარტებთან”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, იმ პირობებში როდესაც სახელმწიფოში უკვე არსებობს ანტიკორუფციული სააგენტო, ალტერნატიული სააგენტოს შექმნის საჭიროება არ არსებობს. როგორც ირაკლი ზარქუამ სხდომაზე განაცხადა, ამას მოწმობს Transparency international- ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგიც, რომლითაც კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველოს 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს და რეგიონში მოწინავეა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარგლებში შექმნილია ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. თუ არსებულ სააგენტოში რაღაც არ მოგვწონს, გამოდით ხმამაღლა ვქვათ, ოღონდ არგუმენტირებულად და მხარს დაგიჭერთ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. კომიტეტმა აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.