„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პოსტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით“

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატურებთან დაკავშირებითი უმრავლესობის შიგნით კონსულტაციებს მეტი დრო სჭირდება.
როგორც ბესელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნინო ბაქაქური და ზურაბ ძლიერიშვილიც ძალიან კარგი კანდიდატურაა. დეპუტატის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა კვლავ გაგრძელდება.
“კომიტეტზე განხილული იყო პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები, როგორც ჩანს, ამის შემდეგ საჭირო გახდა დამატებითი კონსულტაციები, რომ საბოლოო კონსენსუსისთვის მიგვეღწია. ალბათ მეტი კონსულტაციებია საჭირო იმიტომ, რომ იყო დამატებითი საკითხები, რაც დაზუსტებას საჭიროებდა. ამ საკითხს ჩვენ მოგვიანებით ისევ დავუბრუნდებით, იმიტომ რომ უზენაესი სასამართლო დასაკომპლექტებელია. ორივე კანდიდატურა, მართლაც, ძალიან კარგია, ორივე მათგანს ძალიან დიდი დამსახურება აქვს. ეს არ იყო მათ მიმართ უნდობლობის გამოცხადება, საჭირო იყო მეტი კონსულტაციები უმრავლესობის შიგნით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. გიორგი მარგველაშვილმა კანონმდებლებს უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებად ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის კანდიდატურები წარუდგინა. მათ დასამტკიცებლად საჭირო იყო სულ მცირე 76 ხმა. კენჭისყრის შედეგად ბაბაქურს მხარი 29 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ზურაბ ძლიერიშვილს – 27-მა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები