სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები განიხილა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ორი ანგარიში მოისმინეს.

პარლამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საინვესტიციო ვალდებულების სანაცვლოდ სახელმწიფო ქონების გადაცემის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში ჯგუფის წევრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე შერმადინმა გააცნო.

„აუდიტის ანგარიში დამტკიცდა 2021 წლის 21 მაისს და ეხებოდა საინვესტიციო ვალდებულებების სანაცვლოდ სახელმწიფო ქონების გადაცემის კანონშესაბამისობას და გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობას.

აუდიტი შეეხო ისეთ ხელშეკრულებებს, რომელიც გაფორმდა 2017-2018 წლებში და საინვესტიციო ვალდებულებების ან მათი ნაწილის შესრულება მოიცავდა ამავე პერიოდს; ხელშეკრულებები, რომელიც გაფორმდა 2017 წლამდე მისი შესრულება მოიცავდა 2017-2018 წლებს და ასევე, ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო 2017 წლამდე და 2017-2018 წლებში შესრულებული არ იყო ან ნაწილობრივ იყო შესრულებული. აუდიტმა მოიცვა იმ სახელშეკრულებო ურთიერთობათა შესწავლა, რომელთა შესახებ ინფორმაცია სააგენტომ აუდიტის ჯგუფს რეესტრის სახით წარუდგინა”, – განაცხადა თორნიკე შერმადინმა.

აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გაიცა 7 რეკომენდაცია, რომელთან დაკავშირებითაც სხდომაზე დეტალური მსჯელობა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშიც მოისმინეს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ზაალიშვილმა წარადგინა.

„აუდიტის ფარგლებში შესწავლილია 2017-2019 წლებში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების ორი კომპონენტის – ბენეფიციარების სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის და მასთან დაკავშირებული ამბულატორიული მომსახურების ხელმისაწვდომობა რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით კერძოდ, ადმინისტრირების მექანიზმები რამდენად უზრუნველყოფს ბენეფიციარზე ორიენტირებულ სერვისს და ასევე, რამდენად უზრუნველყოფილია ფინანსური, გეოგრაფიული და ინფორმაციული ხელმისაწვდომობა”, – განაცხადა მომხსენებელმა.

მარიამ ზაალიშვილის ინფორმაციით, აუდიტის ფარგლებში შერჩეული იყო 7 სახელმწიფო პროგრამა: დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა; დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაცია; იშვიათი დაავადებების პროგრამა; საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი; C ჰეპატიტის მართვა და ჯანმრთელობის ხელშეწყობა.

მომხსენებელმა აუდიტის მიგნებებზე და რეკომენდაციებზე ისაუბრა. გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულია 9 რეკომენდაცია. სხდომას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი, პაატა კვიჟინაძე უძღვებოდა. სხდომაში, მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის წევრების გარდა, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები