ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც მომდევნო 3-5 წლის მანძილზე განხორციელდება.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობის რეაბილიტაციაზე და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„დღეს, მნიშვნელოვანი დღეა, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდა ჩვენს ინიციატივას და სწორედ მისი გადაწყვეტილებით, მთავრობამ განსახორციელებელი მასშტაბური ინფრასტრუქტურების ნუსხაში ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის გამაგრებისა და რეაბილიტაციის პროექტი შეიტანა. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრსა და თითოეულ ჩემს კოლეგას ამ გადაწყვეტილებისათვის.” – განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა.
როგორც ცნობილია, კულტურის მინისტრის ინიციატივით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღდგენაზე მუშაობა 2021 წელს აპრილიდან დაიწყო, რისთვისაც არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა. კულტურის სამინისტროს დაკვეთით, 2021 წლის ივლისში პირველად, ჩატარდა ხელოვნების მუზეუმის ძირითადი შენობის მდგრადობაზე სიღრმისეული კვლევა (კონსტრუქციული, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და სხვა).
დასკვნის შესაბამისად, შენობის უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, კულტურის სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანასთან დაკავშირებით. კულტურის მინისტრის 2021 წლის 15 ივლისის N00014916 ბრძანებით, დამტკიცდა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მართვის განსაკუთრებული რეჟიმი, მუზეუმის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის სამოქმედო გეგმა.
ამასთან, 2021 წლის დეკემბერში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაკვეთით შედგა მუზეუმის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი, ე.წ. ყოფილი სემინარიის შენობის გამაგრების პროექტი, რომლის ღირებულება, 2021 წლის ფასების შესაბამისად, 10 მლნ ლარია.
მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია რამდენიმეწლიანი კომპლექსური პროცესია, ვინაიდან იგი უმძიმეს მდგომარეობაშია და საჭიროებს ტექნიკურად საკმაოდ რთულ გამაგრებით სამუშაოებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთი კორპუსის (ე.წ. 80-იანი წლების შენობის) სრული რეაბილიტაცია. სამუშაოების ფარგლებში უკვე გარემონტდა შენობის ორი სართული, 1200 კვ/მ ფართი, რისთვისაც სამინისტრომ 1 050 000 ლარი გამოყო. ხაზგასასმელია, რომ გარემონტებული სივრცეები პასუხობს მნიშვნელოვან სამუზეუმო სტანდარტებს.
კერძოდ, დამთვალიერებლების, პერსონალისა და სხვა პირების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას; კოლექციების უსაფრთხოებასა და დაცულობას; დამთვალიერებლებისთვის კომფორტისა და შესაბამისი პირობების შექმნას; პერსონალისთვის სათანადო სამუშაო პირობების უზრუნველყოფას და შენობის სათანადო შენახვასა და დაცვას.
გათვალისწინებულია უსაფრთხოების დონეები, მოძრაობის სენსორები, სიგნალიზაციისა და დისტანციური მეთვალყურეობის სისტემები, დეტექტორები, სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, ელექტრომომარაგების ფუნქციები, არქიტექტურული პარამეტრები. 200 კვ/მ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო სივრცეში დაგეგმილია ხელოვნების მუზეუმის არქიტექტურული ფრაგმენტების ფონდის ექსპოზიციის მოწყობა. 100 კვ/მ ფონდსაცავში დაცულია თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტი, მათ შორის მიკროკლიმატი – ჰაერის კონდიცირება, ტენიანობის კონტროლი, ჰაერის ფილტრაციის მოთხოვნებთან შესაბამისობა. რეაბილიტირებულ სივრცეში მოეწყო სამკითხველო სივრცე და საოფისე ფართი მუზეუმის თანამშრომლებისთვის, რათა მათ სათანადო პირობებში მუშაობის საშუალება ჰქონდეთ.
ამჟამად, მიმდინარეობს შენობის დანარჩენი ნაწილის სარემონტო სამუშაოები. შენობის სრული რეაბილიტაციის შემდეგ 660 კვ/მ დაეთმობა ხელოვნების ნიმუშების კვლევით სახელმწიფო ლაბორატორიას, რომელსაც კულტურის სამინისტრო ირაკლი ფარჯიანის ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში აფუძნებს. ხელოვნების ნიმუშთა ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია ამიერკავკასიაში პირველად შეიქმნება და ის უზრუნველყოფს საქართველოსა და რეგიონში ხელოვნების ნიმუშების კომპლექსურ საექსპერტო კვლევას და შესაბამისი კვლევითი პროცესების ორგანიზებას, მათ შორის, ავთენტურობის დადგენას.
ამგვარი მომსახურება დღეს საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს და შესაბამისად, ხელოვანთა უფლებებისა და ქართული კულტურის ნიმუშების დაცვისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში მსგავსი ინსტიტუციის არსებობა.