რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს მოუსმინეს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, დახურულ რეჟიმში, რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შეფასებითი ინფორმაცია წარადგინეს.
„რეგიონული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუარესდა, რამაც როგორც ევროატლანტიკურ სივრცის უსაფრთხოებაზე, ასევე ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე გავლენა იქონია. დღეს შესაძლებლობა გვექნება დეტალური ინფორმაცია მოვისმინოთ შესაბამისი კომპეტენტური უწყებებისგან მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარების შესახებ და ასევე კომპეტენციის ფარგლებში, ეს უწყებები თუ რა ნაბიჯებს დგამენ აღნიშნულის საპასუხოდ”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაიამ სხდომის დასაწყისში.
დაზვერვის სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლებმა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს უკრაინა-რუსეთის ომის საქართველოს ეროვნულ ინტერესების და უსაფრთხოების გავლენაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, სადაც კომიტეტის წევრებმა უსაფრთხოების გარემოს საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია მოისმინეს.
„ძალოვანი სამინისტროს შესაბამის სამსახურების წარმომადგენლებთან საინტერესო მოსმენა გაიმართა. უწყებებმა მაღალპროფესიონალური და მაღალკვალიფიციური სტანდარტით ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია წარმოადგინეს რომელიც ჩვენთვის, კანონმდებლებისთვის ანალიზისთვის და შეფასებისთვის ძალიან საინტერესო იყო. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ საკომიტეტო მოსმენამდე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები და მე, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში, დღეში არაერთხელ, მუდმივად ვღებულობთ ინფორმაციას რეგიონული უსაფრთხოების გარემოს და იმ ვითარების შესახებ, რასაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოში აქვს ადგილი”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის წევრები „უმაღლესი განათლების შესახებ” და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” კანონებში შესატან ცვლილებებს გაეცნენ.
როგორც პარლამენტის წევრმა, ეკა სეფაშვილმა განმარტა, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, განსხვავებულად დარეგულირდება თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების მობილობის და სტატუსის შეჩერების სტატუსი. რაც შეეხება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტს და მისგან გამომდინარე მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, იცვლება სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სახელწოდება, რომელიც სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს სახელწოდებით ჩანაცვლდება.
ცვლილებების პროექტით ტექნიკური ხასიათის უზუსტობების დახვეწა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა მიღებისა და სამსახურის გავლის საკითხების დარეგულირებაც მოხდება. კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.