კულტურის კომიტეტმა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშზე იმსჯელა

კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, 2021-22 წლებში ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხორციელდებოდა ინფრასტრუქტურული ცვლილებები, კორპუსების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, გათბობა-ვენტილაციის მოწესრიგება, დარბაზების კეთილმოწყობა და მიმდინარეობდა დიჯიტალიზაციის ფაზაში აქტიური გადასვლა, კერძოდ, წიგნადი ფონდის, ჟურნალ-გაზეთებისა და სხვადასხვა დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის ფორმით განთავსება ბიბლიოთეკის ვებ გვერდზე.

„მილიონზე მეტი ჩანაწერი გვაქვს უკვე და ამ თვალსაზრისით ლიდერები ვართ რეგიონში”,- განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
მისი თქმით, განახლდა საბიბლიოთეკო ფონდი, შეძენილია საქართველოში გამოცემული ახალი ბეჭდური ერთეულები, ექსკლუზიური ისტორიული დოკუმენტური მასალები, მათ შორის, მე-19-20 საუკუნის ფოტოარქივი.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფორმაციული და საბიბლიოთეკო სფეროს ტექნოლოგიური განვითარება. გიორგი კეკელიძემ ისაუბრა ასევე რეგიონების ბიბლიოთეკების წიგნებით უზრუნველყოფაზე. „წელს გამოვაცხადეთ წიგნის ჩუქების დღე. 23 აპრილი იქნება ამ ყველაფრის დაგვირგვინება და ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე ყველა სოფელს ექნება კომპიუტერი და ახალი წიგნადი ფონდი, სულ მცირე 200-200 ახალი გამოცემის წარმოდგენით”, – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ბავშვების დაინტერესება წიგნით, შეხვედრები ახალგაზრდებთან, მნიშვნელოვანია ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ბიბლიოთეკებთან ურთიერთობა. „კულტურის კომიტეტში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ყველა ქვეყნის პარლამენტთან, განსაკუთრებით, საფრანგეთთან ექნება კავშირი. პირადი და სახელმწიფო კონტაქტებით შეიძლება დოკუმენტური მასალების მოძიება, გაცოცხლება და მიწოდება საზოგადოებისთვის”,- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
მან მზადყოფნა გამოხატა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან კომიტეტის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები