ვახტანგ ძაბირაძე: ხელისუფლებაც და ოპოზიციაც სახელმწიფოებრივი ინტერესების ნაცვლად საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ, მათი ქმედებებიც შესაბამისია

“უკრაინის თემა, როგორც ბევრი სხვა რამ, “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის არაჯანსაღ ურთიერთობასა და არასახელმწიფოებრივ მიდგომებზე მეტყველებს”, – ამის შესახებ ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

ძაბირაძემ ინტერვიუში საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტიც შეაფასა.

“ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ასეთი უცნაური ქცევა სიახლე არ არის, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, სახელმწიფოებრივი ინტერესების ნაცვლად საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ, მათი ქმედებებიც შესაბამისია. წესით, მმართველ გუნდს ცოტა ადრე უნდა ეზრუნა უკრაინასთან ურთიერთობის მოგვარებაზე, მაგრამ რას ვიზამთ, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. საქართველო-უკრაინის ურთიერთობის გაცივების თემა ახალი არ არის, ეს ომის შემდეგ არ დაწყებულა, უფრო ძველი მდგომარეობაა, შორიდან დაიწყო და საკმაოდ ცივი ურთიერთობა იყო საქართველოს ხელისუფლებასა და უკრაინას შორის, უბრალოდ, ომმა გაამწვავა. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ ვიზიტი სწორად გადადგმული ნაბიჯია. ვერავინ გაერკვევა ჩვენს ურთიერთობაში, თუ ჩვენ, როგორც უკრაინულმა, ისე ქართულმა მხარემ, თავად არ მოვისურვეთ. უკრაინის თემა, როგორც ბევრი სხვა რამ, “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის არაჯანსაღ ურთიერთობასა და არასახელმწიფოებრივ მიდგომებზე მეტყველებს. სისულელე იყო, როცა “ქართულმა ოცნებამ” უკრაინას პრეტენზიები წაუყენა და მით უმეტეს, როცა პრეტენზიები დაკავშირებული იყო საკადრო საკითხთან, რაც პირდაპირი ჩარევაა სხვა ქვეყნის საშინაო საქმეში. არავინ ეკითხება საქართველოს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს, ვის რა თანამდებობაზე დანიშნავენ უკრაინაში. მიუხედავად ყველაფრისა, მთლად გამართლებულად არ მიმაჩნია, რომ უკრაინამ ასეთი საჯარო პრეტენზიები წამოაყენა, ვგულისხმობ კონტრაბანდის ბრალდებას. უკრაინას სიფრთხილე უნდა გამოეჩინა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რა დღეში არიან უკრაინელები, იქ ომია და ყველა მხრიდან ხიფათი ელანდებათ. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება უნდა ყოფილიყო უფრო ლოიალური ამ საკითხზე დამოკიდებულებაში. ასეა თუ ისე, როგორც იქნა, ვიზიტი შედგა და ეს ძალიან კარგია, ყველაფრის მიუხედავად. ამ შემთხვევაში ოპოზიციის, კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებაა აუხსნელი, გაუგებარი და სულელური. როგორ შეიძლება ასეთ ვითარებაში უარი თქვა დელეგაციაში მონაწილეობაზე? ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. უკრაინაში “ქართული ოცნების” კი არა, საპარლამენტო დელეგაცია წავიდა. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ უხელმძღვანელებს დელეგაციას. მაშინ დატოვონ პარლამენტი, რადგან იმ დარბაზშიც “ქართული ოცნებაა”. ეს გადაწყვეტილება არასწორი იქნება, მაგრამ, თუ ლოგიკაზეა საუბარი, ეს ყველაზე სწორი და ლოგიკური იქნება, მიუღებელი, მაგრამ მაინც ლოგიკური.

სამწუხაროდ, მარგველაშვილი ძალიან დიდ გაუგებრობაშია მოყოლილი, ძალიან უცნაურ განცხადებებს აკეთებს. არა მგონია, ეს ნაბიჯი მისთვის მომგებიანი იყოს. რაც შეეხება მელია-ნაყოფია-ხერხეულიძის ტრიოს, მათი ქმედება რას ნიშნავს? “ნაცმოძრაობა” ოპოზიციას გაემიჯნა?! ძალიან კარგი, თუ ასეა. იქნებ ამ ამბავმა მაინც მოიყვანოს ჭკუაზე ოპოზიციონერი ლიდერები და მიხვდნენ, რომ “ნაციონალებისგან” განსხვავებული გზა არის მოსაძებნი. იქნებ ახლა მაინც შექმნან დამოუკიდებელი გაერთიანება”,- აცხადებს ძაბირაძე.

რაც შეეხება კითხვას: “ირაკლი კობახიძემ, ბაკურიანში პოლიტიკური პარტიების, ენჯეოებისა და ჟურნალისტების შეკრებას “შულავერის კომიტეტის” სხდომა უწოდა… მართლა რევოლუციის მოწყობის მცდელობასთან გვაქვს საქმე?” – რესპონდენტი პასუხობს:

რევოლუციებისა და შეთქმულების საკითხებს სასტუმროში გამართულ კონფერენციებზე არ განიხილავენ. თუ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ჩანაცვლებაზე იყო საუბარი, ეს კანონით არ არის აკრძალული, არც მშვიდობიანი საპროტესტო აქციებია დანაშაული. დღეს საქართველოში არ არის რევოლუციისთვის მზაობა. როგორი სპეციალისტებიც უნდა დაიქირაოს “ნაცმოძრაობამ” და ვინც უნდა ჩამოიყვანოს ამერიკიდან, არაფერი გამოუვა. რაც შეეხება წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებას, ეს რა დასამალია? ან ვინ მალავს?! თავის დროზე, ამას “ოცნებაც” ცდილობდა და მოახერხა კიდეც ხელისუფლების შეცვლა. თუმცა საზოგადოება მაშინ მზად იყო ამისთვის, დღეს არ არის და ამას ვერანაირი კონფერენციები ვერ უშველის… ხალხი ვერ ხედავს ოპოზიციაში იმის პერსპექტივას, რომ ხალხის საკეთილდღეოდ შეუძლია ვითარების შეცვლა. დავაკვირდეთ ოპოზიციურ სპექტრს, განსაკუთრებით “ნაცმოძრაობას”, და ვნახავთ, რომ ეს პოლიტიკური გუნდი 2012 წლის შემდეგ თვისებრივად არ შეცვლილა. იგივე დარჩა, რაც იყო. ხალხის დიდი ნაწილი ოპოზიციას ხელისუფლების კრიტიკაში ხშირად ეთანხმება, მაგრამ როცა საქმე არჩევანზე მიდგება, სხვა შედეგი დგება. არსებული პოლიტიკური ელიტა გაკოტრებულია, მესამე პოლიტიკური ძალა ვერ იქნება, იმიტომ, რომ წვრილ-წვრილი პარტიები ერთმანეთთან დალაპარაკებას ვერ ახერხებენ. ყველა მათგანში იგრძნობა შიში იმისა, რომ მომავალ არჩევნებს დამოუკიდებლად ვერ გადალახავენ, მაგრამ იმას კი არ ცდილობენ ერთმანეთთან გაერთიანდნენ, “ნაციონალების” ორბიტაზე მოხვედრა სურთ. როცა ამომრჩეველი ხარ და ხედავ, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას ძალიანაც არ მოსწონს “ნაცმოძრაობა”, მაგრამ საკუთარი თავის გადასარჩენად იძულებულია კომპრომისზე წავიდეს, შენც გეკარგება ნდობა მის მიმართ.

სინამდვილეში “ოცნებას” არ ეშინია რევოლუციის და მით უფრო “ნაციონალების” მოწყობილის. ამ პოლიტიკურ გუნდს საკმარისი რესურსი აქვს კვლევების ჩასატარებლად და დარწმუნებული ვარ, ჩატარებულიც ექნება, თანაც არაერთხელ. შესაბამისად, ისიც ეცოდინებათ, ქვეყანაში რევოლუციური განწყობა რომ არ არის. “ოცნებას” ასეთი ბრალდებები შიდა მოხმარებისთვის სჭირდება. მის ბრალდებებს ოპოზიციის ბრალდებები მოჰყვება – მმართველ გუნდს რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებენ და იწყება უსაფუძვლო კინკლაობა. ოპოზიცია ვერ ხვდება, რომ ეს “ოცნებას” ხელს აძლევს. რატომ? იმიტომ, რომ ამ უსაფუძვლო ბრალდებებში ყველაფერი ერთმანეთშია არეული, ხალხი ვეღარ იგებს, ვინ არის სინამდვილეში მეხუთე კოლონა და იქმნება უმიზნო, უშინაარსო დღის წესრიგი, რეალურ პრობლემებზე კი აღარავინ საუბრობს. საზოგადოება ისევ ბრაზობს ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე, საბოლოოდ კი პოლიტიკური სპექტრისადმი ჩნდება უნდობლობა, ხოლო, როცა საზოგადოება მთლიან პოლიტიკურ სპექტრს არ ენდობა, მოგებული რჩება ხელისუფლება. მას უამრავი ბერკეტი აქვს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ოპოზიცია კი მხოლოდ ხალხის მხარდაჭერის იმედზეა. თუ ხალხს არც ხელისუფლება მოსწონს და არც ოპოზიცია, ძალაუფლება ხელისუფლებას რჩება. აი, ამას ვერ ხვდება ოპოზიცია”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები