პაატა ზაქარეიშვილი: უახლოესი 10 წელიწადი მსოფლიოსა და საქართველოში იქნება ცვლილებების ხანა
“უკრაინამ მსოფლიოს დაანახა, რომ რუსეთი არც ისეთი ძლიერია, ამიტომ, ყველა გაუთამამდება, უპირველესად კი – თურქეთი. მეორე იქნება ჩინეთი”, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, უახლოესი 10 წელიწადი მსოფლიოსა და საქართველოში ცვლილებების ხანა იქნება.
“ყველაფერი დაიწყება მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და უკრაინა გაიმარჯვებს, მაგრამ მსოფლიოს არ აწყობს რუსეთის დაშლა, ამიტომ, წაუყენებენ პირობებს: რუსეთმა უნდა შეასრულოს უკრაინის მოთხოვნები და ხელისუფლებიდან წავიდეს პუტინი. დაშლილი რუსეთი კატასტროფა იქნება, უპირველესად, საქართველოსათვის. მთავარი ნაწილი იქნება ჩრდილოეთ კავკასია, სადაც მუდმივად ფეთქებადი სიტუაციაა. ახლა, შეიძლება ითქვას, რუსეთი ფულით აცემენტებს ჩრდილოეთ კავკასიას, ტონობით ფულს ყრის, რომ იქ სიმშვიდე იყოს, რუსეთის დაშლის შემდეგ კი დაიწყება ერთმანეთს შორის შუღლი, ტერიტორიებისთვის ბრძოლა, სერიოზული დაპირისპირება სხვადასხვა ხალხსა და რეგიონს შორის და ეს გავლენას მოახდენს საქართველოზეც. ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლეობა, ძირითადად, მუსლიმია და მათი კულტურული სამშობლო სამხრეთითაა, ანუ თურქულ, ირანულ, არაბულ სამყაროში, ამიტომ ისინი დაიწყებენ ძაფების გაბმას შესაძლო მოკავშირეებთან, საქართველოს კი მოუწევს ამ გამოწვევებთან გამკლავება.
ჩვენ ჯერჯერობით ჩვენს მუსლიმებთან ვერ მოგვიგვარებია საქმე – დროდადრო დაძაბულობა იჩენს თავს დმანისში, ბუკნარში, დღემდე ვერ ჩამოვყალიბდით, ბათუმში უნდა იყოს თუ არა მეჩეთი, რუსეთის დაშლის შემდეგ კი უამრავი ახალი პრობლემა იჩენს თავს, რაც დღევანდელი ხელისუფლების ხელში სერიოზული გამოწვევა იქნება. ჩვენს პარლამენტში ჩრდილოეთ კავკასიის საკითხთა კომიტეტიც კი გაუქმდა, რადგან ფული არ ჰქონდათ… საქართველო ყოველთვის კავკასიის ცენტრი იყო და ეს სტატუსი უნდა დაიბრუნოს, “ოცნებას” კი ეს არ ესმის. გარდა ამისა, დაიწყება დეცენტრალიზაციის პროცესი ცენტრალურ აზიაში. ყაზახეთს ისედაც ეშინია რუსეთის, ამიტომ დაიწყებს რუსეთისგან დისტანცირებას და მოკავშირის ძებნას ჩინეთში. ჩინეთი გაძლიერდება, როგორც ცენტრალურ აზიაში, ისე ციმბირში. მას გავლენაც აქვს და ფულიც, რათა ესა თუ ის რეგიონი დააინტერესოს, ხაბაროვსკისთვის კი პეკინი უფრო ახლოსაა, ვიდრე მოსკოვი… ევროპულ რუსეთში პრობლემები იქნება. იქ არის ისლამური ფაქტორი – სათათრეთი, ბაშკირეთი, უდმურტეთი… სათათრეთი მუსლიმურია, იქ თავის დროზე ძლიერი იყო სეპარატისტული მოძრაობა და თუ ვინმე წამოყოფს თავს, ეს უპირველესად სათათრეთი იქნება. ამასთან, ეს თურქულენოვანი რეგიონია და დაიწყება გზების ძიება თურქეთსა და ცენტრალური აზიის რესპუბლიკებთან ურთიერთობის დასამყარებლად. შეიძლება გამოყოფა არ მოინდომონ, მაგრამ მოითხოვენ მეტ დამოუკიდებლობას, მეტ ავტონომიას, მეტ უფლებას.
დღეს მსოფლიოში არის ოთხი დიდი სახელმწიფო: აშშ, კანადა, ჩინეთი და რუსეთი. აშშ და კანადა დემოკრატიული სახელმწიფოებია და დეცენტრალიზაცია იქ ძალიან ძლიერია. აშშ-ის შტატები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია და სხვადასხვა კანონები მოქმედებს. ზოგიერთ შტატში სიკვდილით დასჯაა, ზოგიერთში აკრძალულია. ასევეა კანადაშიც. ზოგიერთ შტატში კონტინენტური სამართალია, ზოგიერთში – პრეცედენტული, ზოგან ინდიელების კანონებიც მოქმედებს. სახელმწიფო ენებიც კი სხვადასხვაა. არის რეგიონები, სადაც სახელმწიფო ენა ფრანგულია… ანუ დემოკრატიულ სახელმწიფოებში სერიოზული დეცენტრალიზაცია ხდება. ჩინეთში პირიქითაა, მაგრამ იქ ეკონომიკა ვითარდება და ფულით ხერხდება სიტუაციის მართვა. რუსეთში არც დემოკრატიაა, არც ფული, ამიტომ რუსეთს, თუ დემოკრატიისკენ წავა, დეცენტრალიზაცია მოუწევს. მაგრამ არიან კი ამისთვის მზად? ეჭვი მეპარება, იქ სერიოზული რყევა დაიწყება, ამიტომ ჩვენი ხელისუფლება მზად უნდა იყოს.
იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ყველაფერს გააკეთებს (და ამაში ჩვენც უნდა ვიყოთ ჩართული), რომ რუსეთში დაიწყოს დემოკრატიული პროცესები: დეცენტრალიზაცია, ხალხთა ინტერესების დაცვა, ფინანსების განაწილება, რათა რუსეთმა ერთიანობა შეინარჩუნოს… არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთის ბირთვული არსენალიც. როგორ განაწილდება ის? უკრაინის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ზოგიერთმა რეგიონმა შეიძლება არც კი მოინდომოს ბირთვული იარაღის დაკარგვა… რუსეთმა ყველა ზღვარი გადალახა. ის ან უკრაინასთან დამარცხდება, ან გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს და მაშინ მას მსოფლიო დაამარცხებს. რუსეთის არჩევანი არ არის გამარჯვება, მან უნდა აირჩიოს, როგორ დამარცხდება… როგორც კი რუსეთში დემოკრატიული პროცესები დაიწყება, უკრაინასთან ყველაფერი მოგვარდება და პუტინი ხელისუფლებიდან წავა, მსოფლიო ამ ქვეყანას სანქციებს მოუხსნის. ამ შემთხვევაში ყველა ეცდება, პირიქით, დაეხმაროს რუსეთს, რომ ის მართლა არ დაიშალოს. თავის დროზე ელცინმა რუსეთი დეცენტრალიზაციით გადაარჩინა. მან მეტი უფლება მისცა რეგიონებს, თუმცა ზოგს ეს სისხლის ფასად დაუჯდა, მაგალითად, ჩეჩნეთს. მერე მოვიდა პუტინი, ყველაფერი უკან წაიღო და მივიღეთ დღევანდელი ვითარება, მაგრამ ასეთი ცენტრალიზება იკუმშება, იკუმშება და აუცილებლად ფეთქდება. რუსეთს მოუწევს, დაუბრუნოს უფლებები რეგიონებს.
უკრაინამ მსოფლიოს დაანახა, რომ რუსეთი არც ისეთი ძლიერია, ამიტომ ყველა გაუთამამდება, უპირველესად კი – თურქეთი. მეორე იქნება ჩინეთი. ჩვენ ახლა თურქეთთან უნდა ვმუშაობდეთ, იქ უნდა იჯდეს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, მოლაპარაკება უნდა მიმდინარეობდეს ნატოში გაწევრებაზე, თურქეთის მხარდაჭერაზე, კავკასიაში მისი გავლენის გაფართოებაზე… ჩვენ გარშემო კლიმატი იცვლება, ჩვენ კი შორტით ვსხედვართ ზამთარში და აზრზე არ ვართ, რა ხდება მსოფლიოში! გასათვალისწინებელია ავღანეთის ფაქტორიც. თუ იგრძნობენ, რომ რუსეთი შესუსტდა, თალიბანი მოსკოვში არ შეიჭრება, მაგრამ ტაჯიკეთში მას დიდი ინტერესები აქვს და ეცდება რუსული ჯარის შევიწროებას. რუსეთს მოუწევს ჯარის გადაყვანა უკან, ზურგში, ანუ ის დაკარგავს ცენტრალურ აზიას ორ კვირაში რუსეთმა უნდა განახორციელოს შეტევა. ის აგროვებს ჯარს. უკრაინა კი დაიწყებს კონტრშეტევას. ორ თვეში სულ სხვა რეალობა უნდა იყოს უკრაინის სასარგებლოდ. წესით, ამ პერიოდში რუსეთს მოუწევს, ხელი მოაწეროს უკრაინის სასარგებლო ხელშეკრულებას, თუმცა არ შეეხებიან ყირიმს, ამ საკითხს გადაიტანენ მოლაპარაკების მაგიდასთან. შეიძლება უკრაინამ ისეთი კონტრშეტევა განახორციელოს, რომ დონეცკი და ლუგანსკი მოასუფთაოს. პუტინი უნდა წავიდეს. რა თქმა უნდა, ვერავინ შეიჭრება მოსკოვში და მას ვერ დააპატიმრებს, ის არც თავს მოიკლავს, ამიტომ გაუშვებენ, როგორც გორბაჩოვს, ხრუშჩოვს, ანუ პენსიაზე. დამალავენ. შეიძლება ჰააგაში ჩატარდეს სასამართლო, მაგრამ პუტინს იქ არავინ ჩაიყვანს. არა მგონია, რუსეთში ისეთი რეფორმები განხორციელდეს, რომ პოლიციამ პუტინი დააპატიმროს და ჰააგაში გაუშვას. მოვა ვიღაც სხვა, ვინც შეასრულებს უკრაინის პირობებს, აღიარებს შეცდომებს, მოითხოვს სანქციების მოხსნას და რუსეთში დაიწყება დემოკრატიული რეფორმები. გამოუშვებენ ციხიდან ნავალნის, შესთავაზებენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. ნავალნი აიღებს, ალბათ, ხმების 20%-ს და პარლამენტში შეიქმნება ფრაქცია… შეიძლება გამოცხადდეს ვადამდელი არჩევნები, როგორც ელცინმა გააკეთა. პუტინმა კი თქვას, ავად ვარო, ისედაც ყველა ამბობს, ავად არისო და დამსახურებულ პენსიაზე გავიდეს, მანამდე კი გამოაცხადებს ვადამდელ არჩევნებს. დააბრუნებენ ყველა ოპონენტს, გახსნიან ტელევიზიებს, პრესა არ იქნება დევნილი და დაიწყება დემოკრატიული პროცესი, რომელიც წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან რუსეთში დემოკრატია ვერასდროს გაიმარჯვებს, მაგრამ შეიქმნება შედარებით უფრო დემოკრატიული გარემო. რუსეთის მოსახლეობა არის ქვევრი, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს.
ვისაც ეტყვიან, იმას მისცემს ხმას. ახლა პუტინია პოპულარული, მაგრამ როგორც კი შეიცვლება ვითარება, ისინიც შეიცვლიან დამოკიდებულებას. მათთვის მთავარია, საჭმელი ჰქონდეთ და პროდუქტი იაფი იყოს. რუსი ხალხი ქუჩაში გამოვა მხოლოდ მაშინ, თუ იქნება საშინელი სიძვირე და სიღარიბე. დემოკრატიის მოთხოვნით არავინ გამოვა… რუსეთ-უკრაინის ომის პირველ ნაწილს შეიძლება დავარქვათ “პუტინის ჰალუცინაცია”. მას ეგონა, რომ უკრაინა დანებდებოდა. ამ აზრს უმყარებდა გარემოცვაც, მაგრამ სასტიკად მოტყუვდნენ. მეორე ნაწილს კი უნდა ვუწოდოთ “სასტიკი გამოფხიზლება”. მესამე იქნება ან ხელშეკრულების ხელმოწერა, ან ბირთვული ომი. მეორე ნაწილის ფინალი ასეთია: რუსეთი ხვდება, რომ მარცხდება და აზრი არ აქვს ბირთვული იარაღის გამოყენებას, ამიტომ ჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან. უკრაინა თანხმდება, რომ არ შედის ნატოში და ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს. ყირიმის თემა 15-წლიანი ვადით გადაიდება, 15 წლის განმავლობაში კი იპოვიან საერთო ენას”,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას -“რუსეთის დამარცხება რა შედეგს მოუტანს საქართველოს?” – რესპონდენტი პასუხობს:
“იმედი მაქვს, რომ არჩევნებში, 2024-ში იქნება თუ უფრო ადრე, “ოცნება” დამარცხდება. საქართველოში იქნება მრავალპარტიული სისტემა, პარლამენტში არ იქნება მაჟორიტარული მმართველობის ნაწილი, ამიტომ შევლენ სუფთა სიებით და ბევრ პარტიას ექნება იქ მოხვედრის საშუალება. არ ვიცი, როგორი იქნება ბარიერი. არა მგონია, “ოცნება” მის დაწევას დათანხმდეს. პარლამენტში ოთხი-ხუთი პარტია მაინც მოხვდება და ამოქმედდება მრავალპარტიული სისტემა. ამ შემთხვევაში “ოცნება” ვეღარ იქნება მმართველი ძალა, მას მოუწევს სხვას გაუნაწილოს ხელისუფლება. შეიძლება კოალიციური მმართველობა იყოს. ვერც მთავრობას, ვერც ბიუჯეტს მარტო ვერ დაამტკიცებენ და მოუწევთ თანამშრომლობა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. საქართველოში ამოქმედდება ევროპული მართვის სტილი, ეს კი ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და ნატოში ჩვენს გაწევრებას. უახლოესი 10 წელიწადი მსოფლიოში და საქართველოში იქნება ცვლილებების ხანა.
თუ უკრაინამ ნეიტრალიტეტი აირჩია, მაშინ გაჩერდება, მაგრამ თუ ეს თავიდან აიცილა, შესაძლოა, თურქეთსა და საქართველოსთან ერთად შეკრას კავშირი შავ ზღვაში. ჩვენ გვაქვს კავშირი აზერბაიჯანსა და თურქეთთან. ამავე ტიპის ურთიერთობა შეიძლება დამყარდეს უკრაინასთან, რაც სერიოზული გამოწვევა იქნება რუსეთისთვის – თუ საქართველო, თურქეთი და უკრაინა იპოვიან საერთო ენას შავ ზღვაში და საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი – კავკასიაში, თურქეთი ორივეგან წამყვანი მოთამაშე იქნება. ის ძლიერდება კავკასიაში. ჩვენს რეგიონში ან თურქეთია ძლიერი, ან რუსეთი. თუ უკრაინის ომის შემდეგ რუსეთის ჯარი დარჩა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ეს დიდი ხნის პრობლემად დაგვრჩება. მსოფლიო გვეტყვის, როცა საქმე იყო გასაკეთებელი, ხმა არ ამოგიღიათ, ახლა კი რუსეთს სანქციები მოვუხსენით და ხელახლა ვეღარ დავუწესებთო. ამიტომ საჭიროა, საქართველო სანქციებს მიუერთდეს, რათა მერე მოითხოვოს, რომ ისინი რუსეთს არ მოეხსნას, სანამ საქართველოს ტერიტორიაზე ჯარი ჰყავს და დაუყოვნებლივ მოითხოვოს მისი გაყვანა… მაგრამ როცა ხმას არ ვიღებთ და სანქციებს არ ვუერთდებით, რა სინდისით უნდა მოვთხოვოთ ვინმეს, საქართველოს გამო რუსეთს სანქციები არ მოუხსნას?! უცნაური პოლიტიკა აქვს არჩეული “ოცნებას” და არ მესმის, თუ ეს არ არის პრორუსული პოლიტიკა, მაშ, რა არის?!”.