ვაზიანში საარტილერიო წვრთნა ჩატარდა
ვაზიანის სასროლეთზე მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საველე წვრთნებში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51 -ე ბატალიონის დაქვემდებარებული ქვედანაყოფები და ჰაერსაწინააღმდეგო ჯგუფები მონაწილეობდნენ.
“ორკვირიანი სწავლება სამ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა საველე პირობებში პრაქტიკულ მეცადინეობას დაეთმო, სადაც ბრძოლის წარმოებისას ბატარეაში შემავალი ელემენტების კოორდინირებული მოქმედება დაიხვეწა. მეორე ფაზა ბატარეის ტაქტიკურ მოქმედებაზე 48-საათიან დაკვირვებას მოიცავდა, ხოლო მესამე ფაზა კი, საცეცხლე პოზიციების დაკავებითა და საბრძოლო სროლებით დასრულდა.
სწავლების დასკვნით ნაწილს სპეციალურად შერჩეული დამკვირვებელთა კომისია აფასებდა. წვრთნების მიზანს ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და სხვადასხვა საბრძოლო ელემენტის კოორდინაცია და შერწყმა წარმოადგენდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.