დავით სერგეენკო: ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია

ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოძიება ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხია – ასე გამოეხმაურა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მთავრობის სხდომის დაწყების წინ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მეოთხე პერიოდულ მოხსენებას.
„ცხადია, რომ ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხია, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ არ უნდა ვიჩქაროთ შეფასებები. დასკვნაში წერია, რომ კვლევა და ძიება ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი და, ალბათ, ამის მერე შეიძლება საბოლოო შეფასების გაკეთება“,- განაცხადა სერგეენკომ.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ საქართველოსადმი მეოთხე პერიოდული ანგარიშისთვის მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო, რომელიც გამოიძიებს ძალაუფლების გადამეტების, მათ შორის პოლიციელთა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი წამების, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებებს, უზრუნველყოფს აღნიშნული საქმეების გამოძიებას დაყოვნების გარეშე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემს დამნაშავეებს და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად დასჯის მათ, ასევე უზრუნველყოფს დაზარალებულთა სათანადო დახმარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები