ბაქოში დაკავებული ქართველი ჟურნალისტები და გულშემატკივრები გაათავისუფლეს

ბაქოში დაკავებული ქართველი გულშემატკივრები და ჟურნალისტები გაათავისუფლეს. სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინფორმაციით, ინციდენტი საჩხერის საფეხბურთო კლუბ “ჩიხურასა” და აზერბაიჯანის “ნეფთჩის” შეხვედრის შემდეგ მოხდა. როგორც ჟურნალისტებს ლევან ყიფიანმა განუცხადა, ინციდენტის მოგვარებაში აზერბაიჯანში საქართველოს კონსული ჩაერთო. მისი თქმით, ამ ეტაპზე ინციდენტი ამოწურულია.
“გაურკვევლობა ღამის განმავლობაში მოგვარდა. გუშინ ვესაუბრე საჩხერის გუნდის პრეზიდენტს. ის ჩართული იყო დაკავებულების გათავისუფლებაში ისე, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ყველა გაურკვევლობა ღამის განმავლობაში მოგვარდა. გაუგებრობა მოხდა გულშემატკივრებს შორისაც, რაც ხშირია სათამაშო მოედნებსა და სტადიონზე. ვფიქრობ, ყველაფერი ნორმალურად დასრულდება და მას დამატებითი ექსცესები არ მოჰყვება”, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის განმარტებით, მატჩებზე უსაფრთხოების დაცვა მასპინძელი მხარის პრეროგატივაა. ყიფიანმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალ მატჩებზე მსგავსი რამ გამოირიცხოს. ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” გულშემატკივრებს შორის, გუშინდელი მატჩისას, ჩხუბი მოხდა. “აზერისპორტის” ცნობით, მიზეზი “ჩიხურას” ფანების მიერ სტადიონზე საქართველოს რუკის ჩამოკიდება გახდა, სადაც ზაქათალა და კახი საქართველოს ტერიტორიად იყო აღბეჭდილი. დააკავეს რამდენიმე ქართველი გულშემატკივარი, რომლებსაც შეხვედრის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებთან კონფლიქტი მოუვიდათ. ისინი გუშინვე გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები