მარიამ საჯაია: უნიკალური ომბუდსმენი გვყავს

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მარიამ საჯაიამ საკანონმდებლო ორგანოში  სახალხო ანგარიშის მოსმენა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით შეაფასა:
“უნიკალური ომბუდსმენი გვყავს, ბედნიერი ვარ.  ისეთი მოხერხეულია, ისეთი მოქნილი… რაც არ უნდა,  არ ესმის; რაც არ მოსწონს, ვერ ხედავს; რაც არ აწყობს, პასუხს არ სცემს… მოკლედ, როგორც სერგო რატიანმა თქვა, “ბატონი უჩას მოღვაწეობა”, – აღნიშნა მარიამ საჯაიამ.
თავის მხრივ,  “ნაციონალური მოძრაობის” უკმაყოფილო წევრებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ  უპასუხა:
“როგორც წინა წლებში, ასევე ახლაც “ნაციონალური მოძრაობა” სახალხო დამცველს არ უსმენდა. ის ფლანგი, სადაც ისინი სხედან, ცარიელი იყო. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს უპატივცემულობა ამ ინსტიტუტის მიმართ. იმ რეკომენდაციებით, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ, გამოვხატეთ პატივისცემა სახალხო დამცველის მიმართ. დღევანდელი დებატებიც ცხადყოფს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა გვაქვს “ნაციონალური მოძრაობისგან”. ჩვენ ვამკვიდრებთ კულტურას, თუ როგორ უნდა სცე პატივი სახალხო დამცველს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა დღეს პარლამენტს 2013 წლის ანგარიში გააცნო. დოკუმენტში მან აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სერიოზული გაუმჯობესება შეინიშნება.
პარლამენტში  სახალხო დამცველის მოსმენა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის გამოც კანონმდებლებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ომბუდსმენის 2013 წლის ანგარშზე კენჭისყრა 1 აგვისტოს ჩაატარონ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები