ბექა დავითულიანი – ოპოზიციაზე: აქვთ დაპირისპირება, რადგან მათი სურვილი, ფლობდნენ ხელისუფლებას, უფრო მეტია, ვიდრე ერთმანეთის ურთიერთგაგება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებას ეხმაურება.
მისი შეფასებით, ოპოზიციის ერთადერთი სურვილი ხელისუფლებაში მოხვედრაა.
“აქვთ დაპირისპირება, რადგან მათი სურვილი, ფლობდნენ ხელისუფლებას, უფრო მეტია, ვიდრე ერთმანეთის ურთიერთგაგება. რა თქმა უნდა, ეს ოპოზიციურ კრიზისზეც მიუთითებს იქიდან გამომდინარე, რომ მათი ერთადერთი სურვილია ხელისუფლებაში მოხვედრა, ხოლო ხელისუფლებაში მოხვედრის ვერცერთი მექანიზმი და გზა, ჯერჯერობით, ვერ შეიმუშავეს, რომელსაც რაიმე ეფექტი ექნებოდა”, – აცხადებს ბექა დავითულიანი.
ცნობისთვის, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს: “ოპოზიციამ, რომელმაც ვერ შეძლო საპროტესტო ტალღის აგორება, რომელმაც ვერ შეძლო ამომრჩევლის საკმარისი ნდობის მოპოვება, რომ ხელისუფლება შეეცვალა თუნდაც გაყალბებული არჩევნების პირობებში, რაღაცით ხომ უნდა იმართლოს თავი? ახლა თავის მართლების მოდური საბაბი პარლამენტში ოპოზიციის შესვლის ფაქტი გახდა”.