“მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის ფაქტის გამოძიება ეფექტიანად არ მიმდინარეობს”
კვლავ გრძელდება გამოძიება 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი დაზარალებული ოჯახების, დაინტერესებულ პირებისა თუ ფართო საზოგადოებისათვის, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა 2013 წლის ანგარიშში აღნიშნა, მისი თქმით, მათ შეისწავლეს მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების საქმე და საქართველოს მთავარ პროკურორს და შს მინისტრს მიმართეს რეკომენდაცით, რათა დროულად და ეფექტურად მოხდეს საქმის გამოძიება.
„მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წლის 5 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხეს მოქალაქე მამუკა მიქაუტაძე, რომელმაც დაკითხვის შემდეგ, სავარაუდოდ თავი მოიკლა. ამავე ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 2013 წლის 8 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და ესაუბრნენ გარდაცვლილ მამუკა მიქაუტაძის მეუღლესა და მეგობრებს, რომლებიც აპელირებდნენ მამუკა მიქაუტაძის მიმართ სამართალდამცავი პირების მიერ განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებზე, რამაც მათი მტკიცებით, გამოიწვია აღნიშნული პირის თვითმკვლელობამდე მიყვანა.
2013 წლის 25 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველს კვლავ მიმართა გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძის დედამ, რომლის განმარტებით, მისი შვილის, მამუკა მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის ფაქტის გამოძიება ეფექტიანად არ მიმდინარეობს და უსაფუძვლოდ ჭიანურდება. ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა, გამოძიების ამ ეტაპზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ არავინაა ცნობილი, ამასთან, სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირის მიმართ დაწყებული არ არის“, – აღნიშულია სახალხო დამცველის ანგარიშში.