საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, კაირატ აბდრახმანოვს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა ეუთო-ს ინსტიტუტებთან.
განსაკუთრებულად აღინიშნა თანამშრომლობის აქტიური დინამიკა HCNM-ის ოფისთან. პრემიერის თქმით, საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა, სადაც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ეფექტური განხორციელება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მისივე განცხადებით, HCNM-ის ოფისის აქტიური ჩართულობით შექმნილი, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა მიზნად სწორედ ყველა მოქალაქისთვის, ეთნიკური, რელიგიური, თუ სხვა ჯგუფის წარმომადგენლობის მიუხედავად, თანაბარი შესაძლებლობების შექმნას ისახავს.
პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მოწოდებულია, დაიცვას ადამიანის უფლებათა მაღალი საერთაშორისო სტანდარტები და გამოიყენოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. მთავრობის მეთაურმა უმაღლეს კომისარს მადლობა გადაუხადა აქტიური ჩართულობისთვის საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის პროცესში.