გიორგი სიგუას “რესპუბლიკა კაზანტიპის” პრეზიდენტი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს სთავაზობს
ეროვნული ადმინისტრაციის გათავისუფლებულ ხელმძღვანელს გიორგი სიგუას “რესპუბლიკა კაზანტიპის” პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს სთავაზობს წლიური 100 000 ევროს ანაზღაურებით. ამის შესახებ ინფორმაციას “რესპულიკა კაზანტიპის ” პრესსამსახური ავრცელებს.
“ნიკიტა მარშუნოკი მიიჩნევს, რომ გიორგი სიგუა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მიზანდასახული ადამიანია, ვინც კი ოდესმე სამთავრობო სტრუქტურებში შეხვედრია. მისივე განცხადებით, სიგუას ენერგიულობა, ნიჭი და შრომისმოყვარეობა არ შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს. მისი პოტენციალის გამოუყენებლობა უბრალოდ შეცდომა იქნება, სწორედ ამიტომ, „რესპუბლიკა კაზანტიპის“ ყველა მოქალაქის სახელით, გიორგი სიგუას ჩვენს მთავრობაში სამუშაოდ ვიწვევთ”, – აღნიშნულია “რესპულიკა კაზანტიპის ” პრესსამსახურის განცხადებაში.
ამასთან, მარშუნოკმა გიორგი სიგუას „რესპუბლიკა კაზანტიპის“ სამი ჯილდო გადასცა, ხოლო ფეისბუქზე შეტყობინება დაუტოვა.
„აირჩიე ნებისმიერი თანამდებობა „რესპუბლიკა კაზანტიპის“ ხელისუფლებაში. ჩვენ შეგვიძლია დავაფასოთ ნიჭიერები, ენერგიულები, რომლებიც არ რთავენ უკუსვლას“, – წერს “რესპუბლიკა კაზანტიპის” პრეზიდენტი.
სიგუას გადაწყვეტილება შეთავაზების შესახებ ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია სიგუას ფეისბუქის გვერდზე წერს: „შენ „კაზანტიპში“ გაცვალე სამშობლო“, რაზეც სიგუა პასუხობს – „ჩემი სამშობლო „კაზანტიპია“.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით თანამდებობიდან 4 აგვისტოს გათავისუფლდება.