მესტიის ტრაგედიის დროს გადარჩენილი 6 წლის გიორგის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
მესტიის ტრაგედიის დროს გადარჩენილი 6 წლის გიორგის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ის საშუალო სიმძიმის პაციენტია – ამის შესახებ „კვირას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულების ტრავმატოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„6 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. მას ტომოგრაფიული გამოკვლევა ჩაუტარდა. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ პაციენტს ნეიროქირურგის მკურნალობა არ სჭირდება. ბავშვს ხელი აქვს მოტეხილი. ამ ეტაპზე ქირურგიულ ოპერაციას არ ვაპირებთ, პატარა ტრავმატოლოგის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. თუ გადაწყდა ოპერაცია, მაშინ მას გეგმიური პროგრამის ფარგლებში ოპერაცია ჩაუტარდება. ბავშვი კონტაქტურია და საშუალო სიმძიმის პაციენტს მიეკუთვნება“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, რომ მესტიაში უბედური შემთხვევის შედეგად თეზო ჯაფარიძე და მისი მეგობარი – შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ეკატერინე კერესელიძე გუშინ გარდაიცვალნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი კვადროციკლით სეირნობდნენ, რა დროსაც მოტოციკლი ხევში გადაიჩეხა. ჯაფარიძეს თან ახლდა ერთ-ერთი მეგობრის მცირეწლოვანი შვილი. შემთხვევის შედეგად მან მძიმე დაზიანებები მიიღო. მესტიაში მომხდარ ფაქტზე შს სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.