კახა კოჟორიძე ნინო ბურჯანაძის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს ხედავს
ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მოწმის მიმართ შეკითხვები აქვთ უფლებადამცველებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელს კახა კოჟორიძეს აინტერესებს, რატომ არ მიმართა ნინო ბურჯანაძემ თავის დროზე საგამოძიებო უწყებებს, თუ ის ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას წინასწარ ფლობდა. კოჟორიძე ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს დანაშაულის შეუტყობინებლობას, რაც გამოძიების საგანი უნდა გახდეს.
„რადგან საუბარია იმაზე, რომ იქ მზადდებოდა მძიმე დანაშაული, მაშინ ყველა იმ პირს, ვინც იმ შეხვედრაზე იმყოფებოდა, ეკისრებოდა ვალდებულება, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიეწოდებინა ამის შესახებ ინფორმაცია. ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს შეეძლო მიეწოდებინა საკუთარი ინციატივით ეს ინფორმაცია და არა მას შემდეგ, როდესაც პროკურატურა მოითხოვდა მისი მოწმის სახით დაკითხვას. ამიტომ, ამ ქმედებაში შესაძლებელია იყოს ასევე დანაშაულის ნიშნები“, – აცხადებს კოჟორიძე.
უფლებადამცველის განცხადებას ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, მას აქციის დარბევის გეგმის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ ჰქონია.
„არანაირ თათბირს, სადაც რაიმე სახის სასტიკი დარბევა იგეგმებოდა, მე არ დავსწრებივარ. მე არ ვიცი მას საიდან მოაქვს ესეთი ფაქტები. პირიქით, ყველგან ვამბობ სწორდ იმას, რომ იმ თათბირებზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, იყო საერთოდ გამორიცხული აქციის ხელის ხლებაც კი არათუ მისი დარბევა. სამწუხაროდ დანაშაულებრივი აღმოჩნდა შედეგი, რომელიც როგორც ჩანს დაიგეგმა შემდეგ, როდესაც მე უკვე ამ თათბირს არ ვესწრებოდი. არცერთი ფაქტი მე არ დამიმალავს, რომელიც მე ვიცი და არც ახლა ვაპირებ არაფრის დამალვას“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.