„მთავრობას კარგად გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და შენარჩუნების საქმეში“
მთა ყველაზე კარგად ინახავს ქართულ სულს, ქართულ გენს და მუცოს, დართლოს, ჩაჟაშის აღდგენა მთაში დაბრუნების დასაწყისი გახდება,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის სფეროს პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც წარმოდგენილი იყო მუცოს, დართლოს, ჩაჟაშის რეაბილიტაციის პროექტები და ვარძიის გადარჩენის საგანგებო პროგრამა. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობასა და მათ დაცვა–შენარჩუნების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველოს მთავრობას კარგად გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და შენარჩუნების საქმეში. ეს ძეგლები მსოფლიო კულტურის განუყოფელი ნაწილია და არა მარტო ჩვენს მომავალ თაობებს, არამედ მთელ კაცობრიობას უნდა შემოვუნახოთ ისინი, როგორც უძველესი კულტურის უნიკალური ნიმუშები“,–აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის განმარტებით, ამოქმედდა ძეგლთა გადარჩენის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება უნიკალური არქიტექტურული კომპლექსების რეაბილიტაცია.
„ჩემი დავალებით, გამოიყო საჭირო თანხები და ჩვენ უკვე დავიწყეთ მუცოს – ამ უძველესი ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია. ამ ზაფხულს ინტენსიურად გაგრძელდება სამუშაოები და წლის ბოლომდე აღდგება ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ციხე-სახლები… მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ეს არის დართლოს აღდგენა-რესტავრაცია. ამ საქმეში ჩვენ მსოფლიო ბანკი გვეხმარება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება სვანეთის უნიკალურ სოფელ ჩაჟაშში, რომელიც გამორჩეულია ასეთ სიმაღლეზე აგებული არქიტექტურული კომპლექსით, თამარ მეფის ეპოქის ძეგლებით. მისი რეაბილიტაცია ეტაპობრივად მოხდება. სამუშაოები უკვე დაწყებულია. ჩვენ ასევე გვაღელვებს ვარძიის უნიკალური კომპლექსის ბედი, რადგანაც ბოლო პერიოდში იქ დაიწყო ქვათაცვენის პროცესი. ფრესკების გადარჩენის პროგრამასთან ერთად, რომელიც უკვე ხორციელდება, სახელმწიფო მხარს დაუჭერს კლდის გამაგრების პროგრამას, რომელიც ვარძიის გადარჩენის საფუძველი გახდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია თითოეული პროექტი განხორციელდეს ისე, რომ არ გაჩნდეს შეკითხვა ხარისხთან დაკავშირებით და რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდეს უმაღლეს დონეზე. მუცოს, დართლოს, ჩაჟაშის რეაბილიტაციის პროექტები და ვარძიის გადარჩენის საგანგებო პროგრამა მოწვეულ სტუმრებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ წარუდგინა. მანვე მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს კულტურის 50–მდე ძეგლის სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი თანხისთვის, რომელიც 2 მილიონ ლარს შეადგენს.