რომან გოცირიძე: რუსეთის გადაწყვეტილება სადამსჯელო აქციად შეიძლება ჩავთვალოთ

„რუსეთის ეს გადაწყვეტილება სადამსჯელო აქციად შეიძლება ჩავთვალოთ“ – ასე ეხმაურება რუსეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის გაუქმების ფაქტს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე. ექსპერტი „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია.
„რუსეთის ეს გადაწყვეტილება მაინც სადამსჯელო აქციად შეიძლება ჩავთვალოთ, ვინაიდან ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით რუსეთისთვის არაფერი იცვლება. დღესაც შემოდის დაუბეგრავი საქონელი ევროპიდან, და არა მარტო ევროპიდან და რუსეთს არ გამოუთქვამს პროტესტი ამის გამო. ისინი კარგად ხედავენ, რომ არ ხდება ევროპული ნაწარმის “გადაფუთვა”, მასზე ქართული იარლიყის დაწებება და რუსეთში ქართულად გასაღება. ამ ინტერნეტის ეპოქაში საქონლის წარმოშობის ადგილის გაყალბება ძნელი, სარისკო და ძვირი საქმეა. რუსეთს უფრო მისი პოლიტიკური შემადგენელი ადარდებს. ხედავს, რომ ჩიტი ხელიდან უსხლტება. თანაც ძალაც არა აქვს ამ პროცესის შესაჩერებლად. უკრაინაში სამარდება მისი მომავალი. ყირიმი რუსეთის პორტარტურად იქცა. ამიტომ აამოქმედა ის ერთადერთი და უძალო ბერკეტი, რომელიც ხელთ გააჩნია“, – ამბობს ექსპერტი რომან გოცირიძე.
მისი თქმით, სახელმწიფომ ეკონომიკური მიმართულებით სტრატეგია უნდა შეიმუშავოს. გოცირიძეს მიაჩნია, რომ ქართული პროდუქციის დიდმა ნაწილმა ევროპის ბაზარი უნდა აითვისოს, გაცილებით ნაკლები კი რუსეთის ბაზარზე უნდა გავიდეს.
ექსპერტი „კვირასთან“ საუბრისას კითხვას სვამს – „რა იქნება შედეგი?“ და თავადვე პასუხობს: „ქართული პროდუქციის (ღვინო, ბორჯომი) გარკვეული რაოდენობით კლება რუსულ ბაზარზე, ან ქართველი მიმწოდებლების მოგების შემცირება კონკურენტული ფასის შენარჩუნების მიზნით. არც ერთია დიდი პრობლემა და არც მეორე. უარესიც გვინახავს. ცოტა რუსეთში, ბევრი ევროპაში! ეს უნდა იყოს ჩვენი სტრატეგია. ასეც მოხდება, და არც თუ ისე შორეულ მომავალში. ბოლო ბერკეტიც აამოქმედა. მეტი არც არაფერი დარჩენია“, – დასძენს სარკასტულად რომან გოცირიძე.
რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აჩერებს. “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებას. საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 1994 წლის 3 თებერვალს მოეწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები