თინა ხიდაშელი გიგი უგულავას შვილებზე: არაფერში დამნაშავე ბავშვებს რატომ ეხებით

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას შესახებ გასულ გადაცემას ეხმაურება. დეპუტატისთვის მიუღებელია ის კრიტიკა, რომელიც გიგი უგულავას მიერ ციხიდან შვილებისთვის მიწერილ წერილს მოჰყვა. ხიდაშელის თქმით, უდანაშაულო ბავშვებისთვის შეურაცხყოფის მიყენება და ლანძღვა – გინება არაადამიანობაა.
„არ მინახავს გუშინდელი „ნანუკას შოუ“. ისევე როგორც ბევრი სხვა შოუ და გადაცემა, სამწუხაროდ, ტელევიზორი ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი აღარ არის. მაგრამ იცით ფბ-ზე ხშირად ვიყურები. დილიდან ვფიქრობ, დავწერო თუ არა. როგორც ჩანს, პარლამენტის წევრობამ კორექტივები შეიტანა ჩემს ყოველდღიურობაში. ადრე შესაძლოა, არასოდეს რომ არ მეფიქრა, დღეს ისეთი ფიქრები მომეძალა, მაგრამ, იმის მიუხედავად, რა რეაქცია მოყვება ჩემს პოსტს, ზუსტად ვიცი, რომ არ დავწერო, გული გამისკდება.
რაც დღეს დილით აქ წავიკითხე და გავიგე, მისი უდიდესი ნაწილი მთრგუნავს და მანადგურებს. ვისაც გინდათ, გაგეჯიბრებით გიგისთან ბრძოლაში, მისი პოლიტიკური ნაბიჯების, მერიაში სქემების, უკანონო ტენდერების, უკანონო გადაწყვეტილებების მხილებაში, გამოძიებაში, საკრებულოს სხდომებზე თუ სხვა მხრივ საჯაროდ კამათსა და კრიტიკაში. ვერ და არ მივიღებ არავისგან არცერთ თითის გამოშვერას ჩემი მისამართით. კიდევ ერთხელ, ვისაც გინდათ, იმას გაგეჯიბრებით, თავად გიგის და კოლექტიური გიგის მხილებაში, „ნაცებთან“ ბრძოლაში, და ამ ბრძოლის არგუმენტირებულად, ლოგიკურად, დოკუმენტურად და სამართლებრივად დასაბუთებისთვის შრომაში. მაგრამ ეს რა უბედურებაა. არ მოგწონთ ამ გადაცემის სტილი, ესთეტიკა, წამყვანი, შინაარსი, სტუმრები გადართეთ. ნუ უყურებთ. ვინ გაძალებთ. სტუმრის და თემის მიუხედავად, მე არ მომწონს ასეთი გადაცემები, არ ვარ მათი მაყურებელი და არასოდეს მაინტერესებს, მაგრამ ეს ლანძღვა-გინება, ქილიკი, „შენ რომ სხვის შვილებს აუბედურებდი“-ს – ძახილი რა არის, ადამიანებო. არაფერში დამნაშავე ბავშვებზე ლაპარაკობთ, მათ რატომ ეხებით, სულში უძვრებით, შეურაცხყოფას აყენებთ.
რითი განსხვავდებით იმათგან, ვისაც სიძულვილის დათესვის გამო ებრძვით და ეწინააღმდეგებით. არ მესმის და, ღმერთო, ნურასოდეს შემაძლებინებ, რომ ეს გავიგო. ბოდიშს ვიხდი ასეთი გულახდილობისთვის, მაგრამ რომ წარმოვიდგენ ჩემი ან სხვისი შვილები, ნებისმიერი ადამიანის შვილები მათი მშობლების მიმართ საზოგადოებაში არსებული დამსახურებული თუ დაუმსახურებელი ზიზღის თუ სიყვარულის გამო პასუხს აგებენ, მზარავს და მაგიჟებს. მე მორალისტი არ ვარ და არავის ვუკითხავ მორალს, ყველა საკუთარი მორალის და ზნეობის მიხედვით იქცევა, მაგრამ მე ჩემი სათქმელი ვთქვი. არც მოწონებისთვის, არც უარყოფისთვის, არც დაგმობისთვის და არც – თინა როგორი მაგარი ხარ, ძახილისთვის. დავწერე მხოლოდ ჩემთვის და ჩემი და თქვენი შვილებისთვის. გავუფრთხილდეთ მათ“,- წერს თინა ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები