გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა (BND) ბუნდესტაგს რუსი სამხედროების საუბრები წარუდგინა, რომლებიც ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას განიხილავდნენ.
ამის შესახებ Spiegel-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ჩანაწერებში მოსმენილი სრულად ეწინააღმდეგება კრემლის მტკიცებულებას, რომ ბუჩას კადრები “არის დადგმული”.
BND-მა თავისი დასკვნები ბუნდესტაგს გუშინ წარუდგინა.
კერძოდ, საუბარი იყო ბუჩას მთავარ გზაზე აღმოჩენილი ცხედრების ადგილმდებარეობის შესახებ.
მოსმენილ ერთ-ერთ ჩანაწერში რუსი ჯარისკაცი მეორეს ეუბნება, რომ მან და მისმა კოლეგებმა ველოსიპედზე მჯდომი კაცი დახვრიტეს. სწორედ ამ ფოტომ შემოიარა მსოფლიო.
გერმანული დაზვერვის მასალებში ასევე ნათქვამია, რომ ჩადენილ სისასტიკეში საკვნძო როლი უჭირავს დაქირავებულებს, როგორებიც არიან “ვაგნერის ჯგუფი”.
BND-ის ჩანაწერები აჩვენებს, რომ ბუჩაში ჩადენილი არ იყო შემთხვევითი ქმედებები და არც ცალკეული, კონტროლგარეშე მყოფი ჯარისკაცების საქციელი. ჩანაწერებში ოკუპანტები სისასტიკეებზე, როგორც ყოველდღიურობაზე – საუბრობენ.
როგორც დაზვერვის წარმომადგენელმა ბუნდესტაგში თქვა, საუბარია მკაფიო სტრატეგიაზე, რომ მომხდარიყო მშვიდობიან მოსახლეობაში შიშის და ტერორის გავრცელება, ასევე, მათი წინააღმდეგობის ჩახშობა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge