მესტიის ტრაგედიის დეტალები: „ნუ გეშინია, შენ არ მოკვდები“, – თეზო ჯაფარიძის უკანასკნელი სიტყვები
„ნუ გეშინია, შენ არ მოკვდები, გადარჩები“, – ასე მიმართა თეზო ჯაფარიძემ სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მეგობრის შვილს. 5 წლის გიორგი, რომელიც სვანეთში მომხდარი ტრაგედიის დროს გადარჩა, სვანეთიდან ვერტმფრენით იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. მან ტვინის შერყევა მიიღო. როგორც „კვირას“ სასტუმრო „თეთნულდში“ განუცხადეს, გიორგის მშობლები ოჯახით, თბილისიდან სვანეთში სამი დღის წინ ჩავიდნენ და სასტუმროში დაბინავდნენ.
გარდაცვლილ ბიზნესმენს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა. თეზო ჯაფარიძის ცხედარი საკუთარ სახლში გუშინ გვიან ღამით მიასვენეს.
მესტიის რაიონში, ჰაზვალიდან ელისკენ მიმავალ გზაზე უბედური შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად სასტუმრო „თეთნულდის“ დირექტორი თეზო ჯაფარიძე და მისი მეგობარი ეკატერინე კერესელიძე გუშინ გარდაიცვალნენ. გარდაცვლილი 30 წლის ეკატერინე კერესელიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ის აღნიშნულ პოსტზე ცოტა ხნის წინ დაინიშნა.
როგორც „კვირას“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, თეზო ჯაფარიძე, ეკატერინე კერესელიძე და 5 წლის ბავშვი, კვადროციკლით სეირნობდნენ, რა დროსაც მოტოციკლი ხევში გადაიჩეხა. მისივე ინფორმაციით, გზა ნაწვიმარი იყო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მოტოციკლი სველ გზაზე მოცურდა და ხევში გადავარდა.
„რომ არ გამოჩნდნენ, ახლობლებმა ისინი დაახლოებით 2 საათის შემდეგ მოიკითხეს. როცა იპოვეს, უკვე შებინდებული იყო. ისინი ხევში დაახლოებით 500 მეტრის სიღრმეზე იყვნენ გადაჩეხილები. კიდევ კარგი, დაღამებული არ იყო, თორემ ღამე ვეღარ ვიპოვიდით და შეიძლება ბავშვიც ვეღარ გადაგვერჩინა. ბავშვს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ ჰქონია, მან უბრალოდ გონება დაკარგა, შემთხვევის შედეგად მოტყდა ხელი და ტვინის შერყევა მიიღო“, – აცხადებს თვითმხილველი.
წყაროს ინფორმაციით, ცხედრები და ბავშვი ხევიდან მაშველებმა და პოლიციამ ამოიყვანეს.
მესტიაში მომხდარ ფაქტზე შს სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს