რატომ არ გააფრთხილეს უკრაინელები, რომ რუსეთთან ომი გარდაუვალი იყო – არესტოვიჩის განმარტება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, თუ რატომ არ გააფრთხილა ქვეყნის მოსახლეობა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა გარდაუვალი იყო მაშინ, როდესაც კრემლის გეგმების შესახებ, სულ მცირე, ერთი თვით ადრე იყო ინფორმირებული.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, ეს „ყოვლისმომცველი ქაოსის“ არიდების მიზნით გაკეთდა.

ამის შესახებ მან ISLND TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ დეკემბრის დასაწყისში მიიღო სანდო მტკიცებულება, რომ რუსეთი ამზადებდა შეჭრას, თუმცა, კონკრეტულ თარიღს არავინ ასახელებდა.

არესტოვიჩის თქმით, პარალელურად, უკრაინამ თავდაცვისთვის მზადება დაიწყო: მობილიზებული იყო რეზერვი, ჩატარდა წვრთნები და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუშაობა მიმდინარეობდა.

მისი თქმით, ამავდროულად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ ეთქვა უკრაინელებისთვის, რომ ომი გარდაუვალია, რადგან ეს ქვეყნიდან მოქალაქეების მასობრივ გასვლას გამოიწვევდა და 8-დან 12 მილიონამდე ლტოლვილი ავტომობილებით დაბლოკავდა გზებს, რაც ხელს შეუშლიდა უკრაინულ არმიას თავდაცვის ხაზებთან მისვლაში.

მისივე თქმით, აღნიშნული კი აგრესორს „ბლიცკრიგის“ გეგმის განხორციელებაში დაეხმარებოდა.

„ეს იყო რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის ძალიან სასურველი სიტუაცია. ამ შემთხვევაში, ალბათ, მაშინვე წავაგებდით ომს და ყველაფერს მარცხენა სანაპიროზე. ამ ვითარებას ვერანაირად ვერ გავუმკლავდებოდით და ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა ტანკებით საკუთარი მოქალაქეების გაჟლეტა, მათი დახვრეტა, რომ ხიდებით გასვლა ყოფილიყო შესაძლებელი. და ახლა კითხვა: რა გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო? ან უნდა გავჩუმებულიყავით, ან დაგვეტოვებინა პარალიზებული ქვეყანა და აუცილებლად მარცხენა სანაპიროს ჩაბარება”, – თქვა არესტოვიჩმა.

მან ასევე დასძინა, რომ ხელისუფლება რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა, რადგან არჩევანი ცუდსა და ძალიან ცუდს შორის უნდა გაეკეთებინა.

არესტოვიჩის თქმით, “კარგი სცენარი არ არსებობდა. ყველა სცენარით, რომელსაც ხელისუფლება განიხილავდა, უკრაინელებისთვის დაუყოვნებლივ რომ გვეთქვა რუსეთის შეჭრის შესახებ, ჩვენი სახელმწიფო ომს “ვერ აიტანდა”.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები