ლალი მოროშკინა ციხეში გატარებულ დღეებს იხსენებს: რამდენიმე ხანი შიშველი დამტოვეთ… გახსოვთ, ფარჩაკებო?
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მრჩეველი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ფეისბუქის პირად გვერდზე “ნანუკას ჟორჟოლიანის შოუში” მასსა და “პრაიმტაიმის“ მთავარ რედაქტორს თაკო ფხაკაძეს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ საკანში გატარებულ დღეებს იხსენებს.
“არ ვაპირებდი, მაგრამ მაიძულეთ! ხომ კარგად გახსოვთ ის დღე – 11დეკემბერი “ნანუკას შოუში” მოწყობილი პროვოკაციის მერე როგორ დამიჭირეთ? მერე მოდულში, სამარტოო საკანში გამომამწყვდიეთ… მე შიმშილობა გამოვაცხადე, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ირინა ენუქიძეს გზას გამაყოლებდით! 10 კამერა მიღებდა! რამდენიმე ხანი სულ შიშველი დამტოვეთ! მერე 20 წუთში ერთხელ კარს მიღებდით და მეკითხებოდით-გეშინიაო? მერე მითხარით,- შემს უმცროს შვილს 40 აქვს სიცხე და ვერ დაგარეკინებთო! მერე მითხარით, – მე მგონი, უფროსი ავარიაში მოხვდა და იქაც ვერ დაგარეკინებთო… მერე მითხარით, – ახალი წელი მოდის და ნაძვის ხეს ვინ მოგირთავსო? მერე მითხარით,- შენ და მიშა ერთად სწავლობდით და ჩვენ მხარეს გადმოდი და ცხოვრებას აგიწყობთო…… მერე მითხარით – აქ დიდხანს დარჩებიო…. ახლა გაიხსენეთ, მე რა გითხარით: თავს ვიპარსავ, ნაც. ბანდის მოკლული ბიჭების სახელების ტატუს ვიკეთებ თავზე, და თქვენი დედების უპირობო მოკითხვაზე გადავალ -თქო…მერე მთელი ციხეები ამყვება და რეზულტატით “დაგატკბობთ” თქო! გახსოვთ, ფარჩაკებო? თუ არადა ჩანაწერები ამოიღეთ და დატკბით!“,- წერს მოროშკინა.
ლალი მოროშკინას 2011 წლის დეკემბერში 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. მოროშკინას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით წაუყენეს. ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფისა და ბლაგვი საგნით ზიანის მიყენების გამო ორი კვირა საპატიმროში გაატარა. მოროშკინამ ნანუკა ჟორჟოლიანის საახალწლო გადაცემის ჩაწერაზე “პრაიმტაიმის” ხელმძღვანელს ბასრი საგნით კისრის არეში დაზიანება მიაყენა. ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძის ცემის ფაქტი ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში თავადვე საჯაროდ დაადასტურა. მოროშკინამ “კავკასიის” პირდაპირი ეთერი მოითხოვა და თქვა, რომ “პრაიმტაიმის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა ბოდიში არ მოუხდია.